მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა კლინიკებს COVID-თან დაკავშირებული ჯარიმების ნაწილს ჩამოაწერს

კლინიკები

მთავრობა კლინიკებისთვის კოვიდ პანდემიის პერიოდში დაკისრებული ჯარიმების ნაწილის ჩამოწერას გეგმავს. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, 20%-იანი გადახდის პირობებში, კლინიკები ჯარიმის სრულად გადახდისგან გათავისუფლდებიან.

პრემიერის თანახმად, შეღავათის შესახებ ნორმატიული დოკუმენტები უახლოეს მომავალში დაინიცირდება.

„კოვიდ პანდემიის პერიოდში მთელ რიგ კლინიკებს დაეკისრათ გარკვეული ჯარიმები შემოწმების შედეგად. აქ მიღებული იქნება გადაწყვეტილება შეღავათების დადგენის თაობაზე. 20%-იანი გადახდის პირობებში, კლინიკები ჯარიმის სრულად გადახდისგან გათავისუფლდებიან. ამისთვის უახლოეს მომავალში შესაბამის ნორმატიული დოკუმენტები დაინიცირდება“,- თქვა პრემიერმა.

შეგახსენებთ, პანდემიასთან დაკავშირებული ჯარიმების თემა აქტუალური ჯერ კიდევ 2022 წელს გახდა. მაშინდელმა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფო კოვიდკლინიკებს ​თითოეულ ცარიელ საწოლზე 180 ლარს უხდიდა, მაშინ როცა დატვირთულობა 60%-იანი იყო. მისი თქმით, "ხშირად, პაციენტთა მიღების თუ გაწერის მკაცრად გაწერილი კრიტერიუმები არ სრულდება და ხელოვნურად ხდებოდა მათი რაოდენობის ზრდა". მოგვიანებით გაირკვა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო COVID-ის მართვაში ჩართულ კლინიკებს მილიონობით ლარს ედავებოდა. საქმეების დიდი ნაწილი სასამართლოში გადაიგზავნა. ითქვა, რომ რიგი კლინიკები მილიონობით ლარით იქნა დაჯარიმებული. თავის მხრივ, კლინიკები ჯარიმების ჩამოწერას ითხოვდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები