საქართველო ფულად გზავნილებზე დამოკიდებულების მიხედვით მსოფლიოში 24-ე ადგილზეა. მსოფლიო ბანკის შეფასებით, ქვეყნის ეკონომიკის 11.6%-ს სწორედ უცხოეთში დასაქმებული ქართველების მიერ გამოგზავნილი სახსრები აგენერირებს. ამ თანხების გარეშე კი, ქვეყნის ადგილობრივი მოთხოვნის ზომა ბევრად მცირე იქნებოდა. COVID-19-ის მიერ შექმნილი კრიზისი კი, სხვა ფაქტორებთან ერთად, ფულადი გზავნილების შემცირების რისკსაც წარმოშობს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის განახლებული შეფასების მიხედვით, 2020 წლის განმავლობაში ქვეყანაში გზავნილების შემცირება ჯამურად 15% იქნება. ეს აბსოლუტურ რიცხვებში ფულადი გზავნილების $260-მილიონიან შემცირებას ნიშნავს.
შემცირება უკვე ფაქტობრივად აისახა. 2020 წლის პირველი 4 თვის განმავლობაში საქართველოში გზავნილების სახით $467.9 მლნ დოლარი გამოირიცხა, რაც წლიურ ჭრილში 10%-ით არის შემცირებული. ცალკეული თვეების მიხედვით, აპრილში ყველაზე მკვეთრი ვარდნა იყო როდესაც ფულადი გზავნილები 2019 წელთან შედარებით 42.3%-ით შემცირდა. ყველაზე მეტად გზავნილები რუსეთის ფედერაციიდან (კლება 62%); იტალიიდან (კლება 28%); საბერძნეთიდან (კლება 38%) და სხვა ქვეყნებიდან შემცირდა.
განახლებული პრგნოზის მიხედვით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოში 2020 წელს შემომავალი სავალუტო ნაკადების 1.8 მილიარდი დოლარით შემცირებას პროგნოზირებს. შესაბამისად, საგადასახდელო ბალანსის დეფიციტი კრიზისიდან გამომდინარე მშპ-ის 11%-ის მოცულობით გაიზრდება. ორგანიზაცია წერს, რომ ამ დისბალანსს საქართველო დონორი ორგანიზაციებისგან მოზიდული სახსრებით დაიბალანსებს.
IMF-ის განახლებული მაკროეკონომიკური პროგნოზი ასეთია:
● ექსპორტის შემცირება 24%;
● საქონლის იმპორტის შემცირება 21.1%;
● სერვისების ექსპორტი (ტურიზმის ჩათვლით) შემცირება 55.7%;
● სერვისების იმპორტი შემცირება 60%;
● ფულადი გზავნილები შემცირება 15%;
● პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება 19%.
შეგახსენებთ, რომ სავალუტო ფონდის დახმარების ფარგლებში საქართველოში საბიუჯეტო დახმარების სახით $201 მლნ დოლარი უკვე ჩამოირიცხა. სახელმწიფოსთვის IMF-ის მიერ გამოყოფილი დახმარება ჯამურად $447 მლნ დოლარს შეადგენს.