პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, ფინანსთა სამინისტრო და ეროვნული ბანკი საერთაშორისო სავალუტო ფონდთან უახლოეს კვირებში ახალ შეთანხმებას წარადგენს. სავარაუდოდ, საუბარია IMF-ის ახალი პროგრამის შესახებ.
“IMF-თან დაკავშირებით მუშაობს ეროვნული ბანკი და ფინანსთა სამინისტრო.
შემიძლია გითხრათ, რომ პროგრესი არის, მუშაობა მიმდინარეობს და გრძელდება. შეთანხმებები თითქმის მიღწეულია და უახლოეს ორ კვირაში შედეგებიც გაცხადდება და საქართველოს მთავრობა, ფინანსთა სამინისტრო და ეროვნული ბანკი გამოაცხადებენ ამ რეზულტატებს. თუმცა, მეტ დეტალებში არ შევალ,”- გადაცემა “ანალიტიკას” ეთერში განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის 4-წლიანი პროგრამა 2021 აპრილში დასრულდა. ამ ოთხი წლის განმავლობაში “გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ ფარგლებში საქართველომ 687 მილიონი დოლარის ფინანსური მხარდაჭერა მიიღო, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი ქვეყანამ პანდემიური კრიზისის დროს აითვისა.
2021 წელს მთავრობა პერიოდულად აქვეყნებდა ინფორმაციას, რომ სავალუტო ფონდის წარმომადგენლებთან კონსულტაციები იმართებოდა, თუმცა კონკრეტულად როდის დაიწყება ფონდთან ახალი პროგრამა და რა იქნება ის რეფორმები, რომლებიც საქართველომ ამ პროგრამის პირობებში უნდა გაატაროს, ჯერჯერობით ცნობილი არაა.



























