პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის შეფასებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის აღდგენასთან დაკავშირებით როგორც IMF-მა, ასევე მთავრობამ ელასტიურობა უნდა გამოიჩინონ. კოვზანაძემ მხარეებს დიალოგისკენ და კომპრომისული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა. აღნიშნულ თემაზე მან ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.
"სავალუტო ფონდთან მუშაობის საკითხები ერთწახნაგოვანი არ არის, დღევანდელ დღეს პროგრამა შეჩერებულია, ეროვნული ბანკის ორგანულ კანონში ცვლილებები 2023 წლის პირველ კვარტალში განხორციელდა, მაშინ ფონდს ამ მიმართულებით კითხვები ჰქონდა - უნდა ყოფილიყო თუ არა, სინქრონიზაცია ამასთან დაკავშირებით.
დღევანდელ დღეს ვფიქრობ, რომ პროგრამის აღდგენასთან დაკავშირებით გარკვეული პირობები არსებობს. ვფიქრობ, შესაძლებელია გამოჩენილ იქნეს გარკვეული ელასტიურობა ამ მხრივ როგორც ფონდის მხრიდან, ასევე პროგრამაში მონაწილე მხარეების მხრიდან. პროგრამის მიმღები არის როგორც ფინანსთა სამინისტრო, ასევე ეროვნული ბანკი.
თქვენ იცით, რომ მაკროეკონომიკური პარამეტრები მოწესრიგებული გვაქვს, იცით რომ ბიუჯეტის დეფიციტის 9%-იანი ნიშნულიდან ჩამოსული ვართ 3%-ზე, ბიუჯეტის პარამეტრები წესრიგშია. არის საკითხები, რომლებიც უკავშირდება ეროვნულ ბანკს და შესაძლებელია პროგრამის აღდგენის მიზნით მიღწეული იქნეს კომპრომისები და ეს პროგრამა განახლდეს", - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
ის პროგრამის აღდგენას არსებული ვითარების გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად მიიჩნევს და ამბობს: "როდესაც საუბრობენ სავალუტო ფონდის პროგრამა გვჭირდება თუ არა, ამ პროგრამას ფინანსური კომპონენტი გააჩნია. ვამბობთ, რომ შეიძლება არ დაგვჭირდეს, მაგრამ იმ დროს როდესაც მცირდება რუსეთ-უკრაინის ომის ე.წ. მიგრანტების ეფექტი და ეს იყო ერთჯერადი, არ გამოვრიცხავ, რომ სავალუტო ფონდის დახმარებები ამ ნაწილშიც დაგვჭირდეს. თუმცა სავალუტო ფონდის ინსტიტუციონალური ყოფნა ქვეყანაში არის მნიშვნელოვანი, რადგანაც მათ უზარმაზარი გამოცდილება აქვთ იმ მხრივ თუ როგორ უნდა იმუშაოს ჩვენი ტიპის ქვეყნის ეკონომიკამ, სახელმწიფო სექტორმა, სახელმწიფო საწარმოებმა, რომელთა რეფორმირება მიმდინარეობს".
IMF-მა მხარდაჭერილი პროგრამა 2023 წელს შეჩერდა, რაც საქართველოს ხელისუფლების მიერ ფონდის წინაშე გაფორმებული მემორანდუმის პირობების დარღვევას უკავშირდებოდა, კერძოდ კი სებ-ის შესახებ ორგანული კანონის შეცვლას და პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შემოღებას, რაც 2023 წლის ივნისში განხორციელდა. IMF-ის ინფორმაციით, მათი შეშფოთება ასევე გამოიწვია ეროვნული ბანკის მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებული საგამონაკლისო წესის მიღებამ, რამაც პროგრამის განახლება დამატებით გაართულა.
IMF-ის სამწლიანი პროგრამის მოცულობა 280 მილიონ დოლარს შეადგენდა, საქართველო მის ათვისებას მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში გეგმავდა.