ტურისტული ობიექტი „დათვიანი რანჩოს“ დამფუძნებლის, ივანე მინდორაშვილის განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ კოტეჯი რუსი სტუმრების მასპინძლობაზე უარს ამბობს, ტურისტული ობიექტი მთელი სეზონის განმავლობაში მუშაობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს.
ობიექტი ბაზარზე მესამე წელია ოპერირებს და ცხვარიჭამიაში, ზოოლოგიურ ცენტრთან მდებარეობს.
მინდორაშვილი BM.GE-სთან აცხადებს, რომ კოტეჯებზე მოთხოვნა, გასულ წელთან შედარებით, გაზრდილია და წელს უკვე 80%-ით არიან დატვირთული.
მისივე ცნობით, ობიექტს ძირითადად ადგილობრივი სტუმრები ჰყავს, თუმცა ასევე სტუმრობენ ევროკავშირის ქვეყნებიდან, ჩეხეთიდან, გერმანიიდან და აღმოსავლეთის ქვეყნებიდანაც.
„ჩვენს ობიექტზე ორი კოტეჯია განთავსებული. 1 კოტეჯი მაქსიმუმ 4 ადამიანს იტევს, თუმცა ძირითადად 2 ადამიანზეა გათვლილი. მომხმარებლებს კოტეჯებსა და აუზის სერვისს ვთავაზობთ. აუზი წელს გავაკეთეთ და მასში დაახლოებით 30000 ლარის ინვესტიცია განვახორციელეთ. უახლოეს მომავალში, ორანჟერეას ვამატებთ, რაშიც 10000 ლარის ინვესტიციის განხორციელება გვაქვს დაგეგმილი.
1 კოტეჯის ფასი 1 ღამეში: ორშაბათი-ხუთშაბათის ჩათვლით 200 ლარი ღირს, ხოლო პარასკევი-კვირის ჩათვლით 250 ლარი.
კოტეჯში განთავსების ღირებულება არ შეგვიცვლია, თუმცა აუზიდან გამომდინარე, ორ სტუმარზე მეტის შემთხვევაში გარკვეული ღირებულება ემატება“,- განაცხადა მინდორაშვილმა.
ობიექტის დამფუძნებლის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ჯამში სამი ადამიანია დასაქმებული და ახალი კადრების დამატება არ იგეგმება.