"საქართველოს რკინიგზის ყოფილი გენერალური დირექტორის და კიდევ 7 პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა არა ცალკეული მენეჯერის პირადი გადაცდომა, არამედ სისტემური კორუფციის გამოვლინებაა", - ასე აფასებს "ანალიტიკას" ეთერში "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" (TI) რეგიონული ოფისების მენეჯერი, ზვიად ქორიძე სუს-ის მიერ დავით ფერაძის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას.
ქორიძის განცხადებით, მმართველი გუნდი მსგავს ფაქტებს საზოგადოებას სისტემურ პრობლემად არ წარუდგენს და ცდილობს, ისინი ერთეულ შემთხვევებად შეაფასოს.
"ის ფაქტები, რომლებიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში, როგორც კორუფციასთან ბრძოლის მაგალითები, შეიძლება დავსვათ და გავარჩიოთ აქ, ქართული ოცნება ასე არ აჩვენებს თავის ამომრჩეველს და ზოგადად ქვეყნის მოქალაქეებს, რომ ეს არის სისტემური პრობლემა და სისტემური დანაშაული. ეს განიხილება, როგორც ვიღაცების ერთეული გადაცდომა. კოლოსალური თანხებია, დიახ, მაგრამ ერთეული გადაცდომა", - განაცხადა ზვიად ქორიძემ.
მისივე თქმით, რკინიგზაში არსებული სქემა წლების განმავლობაში მუშაობდა, რაც კითხვის ნიშნებს აჩენს იმ პრემიერ-მინისტრების მიმართ, რომლებიც სხვადასხვა დროს მთავრობას ხელმძღვანელობდნენ.
"თუ იმასაც დავაკვირდებით, რომ 2017-დან 2025 წლამდე იყო ფერაძე დირექტორი რკინიგზაში, აი, ამ რვა წლის განმავლობაში საქართველოს პრემიერ-მინისტრები იყვნენ მამუკა ბახტაძე, რომელიც თვითონ რკინიგზიდან მოვიდა, გიორგი გახარია, ირაკლი ღარიბაშვილი, ირაკლი კობახიძე. ეს რას ნიშნავს, რომ ეს ადამიანები იყვნენ ხელისუფლების პირველი პირები და მათ არ იცოდნენ, რა ხდებოდა საქართველოს რკინიგზაში? და ეს არ იცოდა მამუკა ბახტაძემ, რომელიც თვითონც საქართველოს რკინიგზიდან მოვიდა? ძალიან კარგად იცოდნენ მათ ეს სქემა", - აღნიშნა TI-ის წარმომადგენელმა.
ქორიძე მიიჩნევს, რომ მსგავსი პრობლემები შესაძლოა, სხვა სახელმწიფო საწარმოებშიც არსებობდეს, რაც საბოლოოდ ქვეყნის ეკონომიკასა და მოქალაქეების კეთილდღეობაზე აისახება.
"საქართველოს რკინიგზის ისტორია ერთი ისტორიაა. ჩვენ არ ვიცით რა ხდება, მაგალითად, სახელმწიფო ელექტროსისტემაში, ჩვენ არ ვიცით რა ხდება სხვა ასეთი ტიპის სახელმწიფო შპს-ებში... ამიტომაც არის ასეთ მდგომარეობაში ჩვენი მოქალაქეების ყოფა და ამიტომაც არ იზრდება კეთილდღეობის მაჩვენებელი ქვეყანაში, რომ კორუფცია - ეს არის სისტემური პრობლემა. ამან უკვე მეტასტაზები გაუშვა და, რამდენადაც თვალი არ უნდა დახუჭოს მთავრობამ ამაზე, ეს ფაქტია", - ამბობს ის.
ამასთან, ქორიძის შეფასებით, მმართველი გუნდი მსგავს საქმეებზე საუბრისას თავს არიდებს ტერმინ "კორუფციის" გამოყენებას და ამ პროცესს შიდა კონტროლისთვის იყენებს.
"ამ კონკრეტულ ადამიანებს სჯის ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" არა იმისთვის, რომ მათ თვალი გაახილეს და დაინახეს სისტემური კორუფცია და ახლა მას ებრძვიან, არამედ იმიტომ, რომ - რაც არის დამახასიათებელი ავტორიტარული რეჟიმებისთვის - თავისიანები დასაჯონ და ამით სხვებსაც შეეშინდეთ... დღეს "ქართული ოცნება" სჯის იმ ადამიანებს თავის რიგებში, ვინც გამოავლინა როგორც კორუმპირებულები, თუმცაღა, თუ დააკვირდებით მათ ლექსიკას, როდესაც აი ამ თემებზე საუბრობენ, ისინი სიტყვა კორუფციას არ ახსენებენ", - განაცხადა ზვიად ქორიძემ.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ "საქართველოს რკინიგზის" ყოფილი გენერალური დირექტორი დავით ფერაძე და კიდევ 7 პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა. მათგან ორზე, მათ შორის დავით ფერაძეზე, გამოცხადდა ძებნა, ხოლო დანარჩენი პირები მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით, რაც მოიცავს თაღლითობას, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციასა და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებას ორგანიზებული ჯგუფის მიერ. აღნიშნული მუხლები სასჯელის სახით 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




























