2025 წლის 8 თვეში საქართველომ უცხოეთიდან 11.8 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი შეიძინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9.7%-ით მეტია. იმპორტის მატებაზე გავლენა მოახდინა მსუბუქი ავტომობილების იმპორტის 200 მილიონით ზრდამ, ასევე ერთჯერადმა საიმპორტო ოპერაციამ, რაც მიმდინარე წლის იანვარში განხორციელდა - საუბარია ბიძინა ივანიშვილის ნახატების უცხოეთიდან საქართველოში რელოკაციაზე, რისი ღირებულებაც 481 მილიონი დოლარი იყო. აღნიშნულის გარეშე წელს იმპორტის ზრდა 5%-ზე ნაკლები იქნებოდა.
რაც შეეხება სხვა დასახელების საქონელს, ნავთობის იმპორტი წელს 846 მილიონ დოლარს შეადგენდა, რაც წლიურად 4%-ით არის შემცირებული. მედიკამენტების იმპორტი 9%-ით, 452 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, ბუნებრივი აირის იმპორტი კი 8%-ით, 278 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.
საქართველოს 10 მთავარი საიმპორტო საქონელი 2025 წლის იანვარ-აგვისტოში
| # | იმპორტი – სულ / მათ შორის | 2025 წლის იანვარი-აგვისტო მილიონი დოლარი | ცვლილება (%) |
| 1 | მსუბუქი ავტომობილები | $2,423 მილიონი დოლარი; | 10% |
| 2 | ნავთობი და ნავთობპროდუქტები | $846 მილიონი დოლარი; | -4% |
| 3 | სურათები, ნახატები | $481 მილიონი დოლარი; | 182827% |
| 4 | სამკურნალო საშუალებები დაფასოებული | $452 მილიონი დოლარი; | 9% |
| 5 | ბუნებრივი აირი | $278 მილიონი დოლარი; | 8% |
| 6 | მობილური ტელეფონები | $203 მილიონი დოლარი; | 1% |
| 7 | სატვირთო ავტომობილები | $110 მილიონი დოლარი; | -21% |
| 8 | სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან | $105 მილიონი დოლარი; | 2% |
| 9 | წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე | $100 მილიონი დოლარი; | -11% |
| 10 | გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები | $99 მილიონი დოლარი; | -53% |
| 11 | დანარჩენი საქონელი – სულ | $6,707 მილიონი დოლარი | 8% |
ქვეყნების მიხედვით, იმპორტში პირველ ადგილს აშშ იკავებს, რაც თითქმის სრულად მეორადი ავტომობილების იმპორტს უკავშირდება. აშშ-დან წელს იმპორტი 1.8 მილიარდი დოლარი იყო, რაც წლიურად 39%-ით არის გაზრდილი. მეორე პოზიციას ასევე 1.8 მილიარდი დოლარით თურქეთი იკავებს, საიდანაც იმპორტი 0.7%-ით გაიზარდა, მესამეზე კი ჩინეთია 1.2 მილიარდი დოლარით, საიდანაც იმპორტი 19%-ით გაიზარდა.




























