მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„იმპორტიორთა კავშირი” თხევად გაზთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივას მხარს უჭერს

5ed6021a69c4f
ვიქტორია მღებრიშვილი
02.06.20 11:51
959
აუცილებელია, მოხდეს თხევად გაზზე აქციზის ერთ ეტაპიანი დაბეგვრის რეჟიმის შემოღება მინიმუმ 450 ლარის ოდენობით, რაც 1 ლიტრ თხევად გაზზე ნიშნავს 24.3 თეთრს, - ამის შესახებ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია განმარტებული, ამჟამად მოქმედი თხევადი გაზის აქციზის გადასახადით დაბეგვრისა და ადმინისტრირების რეჟიმი ერთის მხრივ, მნიშვნელოვნად ზღუდავს კონკურენტულ გარემოს, მეორე მხრივ კი, დიდი ოდენობით ზიანს აყენებს სახელმწიფო ბიუჯეტს.

BM.GE ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” სრულიად იზიარებს და მხარს უჭერს თხევადი გაზის იმპორტისა და რეალიზაციის სფეროში დღეისათვის არსებული ვითარების მოწესრიგების მიზნით დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებს.

„არსებული კანონმდებლობით, თხევადი გაზის იმპორტი აქციზის გადასახადით იბეგრება ორ ეტაპიანი სისტემის მეშვეობით. კერძოდ:

პროდუქტის განბაჟებისას ყოველ 1000 კგ.-ზე განსაზღვრულია აქციზის გადასახადის 120 ლარის ოდენობით გადახდა, ხოლო თუ აღნიშნული პროდუქტის გამოყენება საბოლოოდ ხდება არა საყოფაცხოვრები მიზნით, არამედ ავტომობილების გასამართავად, მეწარმეების მიერ დამატებით უნდა ხდებოდეს 180 ლარის გადახდა.

2019 წლის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოში იმპორტირებულ იქნა 28.109 ათასი ტონა თხევადი აირი, რომელიც დაიბეგრა 120 ლარიანი აქციზის გადასახადით; ხოლო დამატებით 180 ლარით დაიბეგრა 6.582 ათასი ტონა ანუ საერთო იმპორტირებული ოდენობის მხოლოდ 23%, რაც, ბუნებრივია, ძალიან დაბალი მაჩვენებელია. ჩვენი ინფორმაციით, ბოლო წლების განმავლობაში გაზიფიცირების სწრაფი ტემპების ფონზე, რეალიზებული თხევადი გაზის ძალიან დიდი ნაწილი სწორედ ავტომობილების გასამართად გამოიყენება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ აქციზური პროდუქტის უდიდეს ნაწილზე არ ხდება სახელმწიფო ბიუჯეტში დამატებით 180-ლარიანი აქციზის გადასახადის გადახდა.

რაც შეეხება აქციზის გადასახადის ოდენობას: დღეს მოქმედი კანონმდებლობით (პროდუქტის კუთრი წონის გათვალისწინებით) 1 ლიტრ ბენზინზე, დიზელზე, თხევად გაზზე და 1 კუბურ მეტრ ბუნებრივ აირზე აქციზის განაკვეთები შეადგენს:

• ბენზინის საავტომობილო საწვავი: 37.8 თეთრი
• დიზელის საავტომობილო საწვავი: 33.3 თეთრი
• ბუნებრივი გაზი: 20 თეთრი
• თხევადი გაზი (120 ლარის გაანგარიშებით): 6.4 თეთრი
• თხევადი გაზი (300 ლარის გაანგარიშებით): 16.2 თეთრი

ბენზინი, ბუნებრივი გაზი და თხევადი გაზი ალტერნატიული, ურთიერთჩანაცვლებადი პროდუქტებია. აქედან გამომდინარე, ამ პროდუქტებზე აქციზის გადასახადის პროპორცია უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობის პრინციპს და ხელს უწყობდეს საწვავის ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის შექმნას. ამას გარდა, ეკოლოგიური კუთხით, გარემოს ყველაზე ნაკლებად აბინძურებს ბუნებრივი გაზი, შემდეგ თხევადი გაზი და ბოლოს ბენზინის საწვავი.

ჩვენი აზრით, აუცილებელია, მოხდეს თხევად გაზზე აქციზის ერთ ეტაპიანი დაბეგვრის რეჟიმის შემოღება (გადასახადის გადახდა პროდუქტის იმპორტის სტადიაზე, ისევე როგორც ეს სხვა ნავთობპროდუქტებზე ხდება) და მისი ოდენობა განისაზღვროს მინიმუმ 450 ლარით, რაც 1 ლიტრ თხევად გაზზე ნიშნავს 24.3 თეთრს. ამ შემთხვევაში თხევად გაზზე აქციზის გადასახადი იქნება ოდნავ მეტი ვიდრე ბუნებრივ გაზზე მოქმედი გადასახადი (20 თეთრი) და ნაკლები, ვიდრე ბენზინის საწვავზე არსებული აქციზის განაკვეთი, რომელიც შეადგენს 37.8 თეთრს. ეს არის ერთადერთი სწორი და გონივრული გზა, რომელიც საშუალება იძლევა დაცული იყოს სამართლიანი პროპორცია ნავთობპროდუქტეზბე დაწესებულ აქციზის განაკვეთებს შორის.

ამასთან, ცალკე უნდა აღინიშნოს ის მნიშვნელოვანი გარემოება, რომ 2019 წელს იმპორტირებულ იქნა დამატებით 12.617 ტონა თხევადი აირი სეს ესნ კოდით 29011000000. ეს არის ე.წ. უაქციზო კოდი. ამ კოდზე საერთოდ არ ვრცელდება აქციზის გადასახადი და ეს მაშინ, როდესაც ეს ნავთობპროდუქტიც გამოიყენება როგორც ჩვეულებრივი საავტომობილო თხევადი აირი.
ზემოაღნიშნული პრობლემური საკითხების ოპერატიული მოწესრიგება, როგორც ზემოთაც აღინიშნა, ხელს შეუწყოს ამ სფეროში არსებული მანკიერი ვითარების აღმოფხვრას, ჯანსაღი და კონკურენტული ბიზნეს-გარემოს ჩამოყალიბებას და სახელმწიფოს მიერ მისთვის ობიექტურად კუთვნილი თანხების ბიუჯეტში აკუმულირებას“, - აცხადებენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები