საქართველოს მთავრობა იმპორტირებულ ფქვილზე 2023 წლის 12 ივნისს ამოქმედებული დროებით გადასახადის ვადა 1 სექტემბრამდე გაახანგრძლივა.
გადაწყვეტილება ფქვილის ქერისა და ქატოს იმპორტის შემთხვევაში საბაჟო გადასახადზეც გავრცელდება, რომლის ვადაც 1 მარტს იწურებოდა. გადავადება ხორბლის მწარმოებელთა ასოციაციისა და ადგილობრივი მემარცვლე ფერმერების მოთხოვნა იყო.
ფქვილის იმპორტირებისას გადასახადის დაწესების შესახებ 12 ივნისს ამოქმედებული დადგენილება 10 სექტემბერს შეიცვალა, რომლის მიხედვითაც 200 კგ-ზე მეტი ოდენობის ხორბლის ფქვილის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში გაფორმებისას, იმპორტიორს ყოველ კილოგრამზე 0.25 ლარის გადახდა უწევს. რაც იმას ნიშნავს, რომ 1 ტონა ხორბლის ფქვილის იმპორტის გადასახადი 200-დან 250 ლარამდე გაიზარდა. რაც შეეხება ქერს და ქატოს, 200 კგ-ზე მეტი ოდენობის ქერის და ქატოს იმპორტისას 1 ტონაზე გადასახადი 100 ლარით განისაზღვრა. ახალი დადგენილებით, იმპორტის რეგულირების სწორედ ეს ვერსია გახანგრძლივდა. ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი დადგენილების თანახმად, ნორმები ძალაში მიმდინარე წლის 1 სექტემბრამდე იქნება.
ცნობისთვის: ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ხელშეწყობის მიზნით საქართველოს მთავრობამ გასული წლის ზაფხულში მიიღო გადაწყვეტილება და რუსული ფქვილის იმპორტზე 200-ლარიანი გადასახადი დააწესა, რასაც რუსეთიდან ხორბლისა და ფქვილის იმპორტი თანაბარ კონკურენტულ პირობებში უნდა ჩაეყენებინა. მიზეზი, რუსეთში ხორბლის ექსპორტისას არსებული ე.წ. საბაჟო გადასახადია, რომელიც ფქვილის შემთხვევაში ნულოვანია.