სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატის, ოთარ შამუგიას ვარაუდით, ფქვილის იმპორტზე გადასახადი 1-ელი მარტის შემდეგაც გაგრძელდება. ამის შესახებ მან კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე პარლამენტში განაცხადა.
"ვფიქრობთ, ამ გადაწყვეტილების გარკვეული დროით გაგრძელება მოგვიწევს" - აღნიშნა მან.
ოთარ შამუგიას თქმით, სანამ ბაზარი არ დასტაბილურება აღნიშნული გადაწყვეტილების გახანგრძლივება მოუწევთ.
„ხორბალთან მიმართებაში უპრეცედენტო ნაბიჯი გადავდგით. შარშან საჭიროება დადგა, ფერმერებს დავხმარებოდით, რადგან რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ფქვილის ფასი მნიშვნელოვნად შემცირდა. ხორბალზე საიმპორტო გადასახადი დაწესდა, რამაც ქვეყანაში ფქვილის იმპორტის მნიშვნელოვანი მატება გამოიწვია. ხოლო ხორბლის ნაწილში ეს მონაცემები ძალიან შემცირდა. შესაბამისად ხორბალზე მოთხოვნა შემცირდა და ჩვენ ნაბიჯები გადავდგით, რომლის მიხედვითაც, ჩვენს ფერმერებს მაქსიმალურად დავეხმარეთ და ჩვენი გადაწყვეტილების შემდეგ დაახლოებით 50 000 ტონა სასურსათო ხორბალი იქნა გადამუშავებული წისქვილების მიერ - ჩვენი ადგილობრივად წარმოებული და სტაბილურად აღდგა წისქვილების მუშაობა.
ვფიქრობთ, გარკვეული პერიოდით მოგვიწევს ამ გადაწყვეტილების ამ ნაწილში გაგრძელება ვინაიდან, სანამ ბაზარი არ დასტაბილურება, მნიშვნელოვანია ერთის მხრივ გვქონდეს ხორბლის სათანადო მარაგები და მეორეს მხრივ ფერმერებს ხელი შევუწყოთ.
რაც შეეხება ფასების განსაზღვრას საუბარი იყო, თითქოს ფასი დაბალი იყო და მერე გავზარდეთ - ჩვენ არც ვზრდით და არც ვამცირებთ ფასებს და ეს ბუნებრივია მანიპულაციაა“, - განაცხადა შამუგიამ.
ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ 2022 წელს საქართველოში მეხორბლეობის დარგისთვის რთული და გამოწვევებით სავსე იყო. ხორბლის იმპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა. ამის მიზეზიც მთავარ საიმპორტო ბაზარზე - რუსეთში ხორბლის ექსპორტზე დაწესებული ბაჟი იყო, რომელიც ხორბლის იმპორტიორებს საქონლის შეძენას უძვირებდა. ამასთან, 2022 წელს რეკორდულად გაიზარდა ფქვილის იმპორტი, რადგან იმავე რუსეთში ამ დასახელების საქონელზე ნულოვანი საექსპორტო გადასახადი მოქმედებდა, რამაც ხორბლის იმპორტისადმი ინტერესი შეამცირა, ფქვილისადმი კი გაზარდა. შედეგად საქართველოში ხორბლის ადგილობრივი გადამუშავება, ფაქტობრივად გაჩერდა, ფერმერებს კი მოყვანილი მოსავალი ჩაუბარებელი რჩებოდათ.
ქვეყანაში ხორბლის ბაზარზე შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე, 2023 წელს დარგის წარმომადგენლების მოთხოვნის საფუძველზე საქართველოს მთავრობამ 12 ივნისიდან ქვეყანაში რუსული ფქვილის იმპორტზე 200-ლარიანი გადასახადი დააწესა. გადაწყვეტილება ძალაში პირველ ნოემბრამდე უნდა ყოფილიყო. მოგვიანებით, ოქტომბერში მთავრობამ, ისევ დარგის მოთხოვნით, ფქვილის იმპორტის გადასახადი 250 ლარამდე გაზარდა, ვადა კი 2024 წლის პირველ მარტამდე გაახანგრძლივა. ფქვილის გარდა იმპორტის გადასახადი ქერსა და ქატოზეც დაწესდა, რაც ტონაზე 100 ლარითაა განსაზღვრული. დარგის წარმომადგენლების შეფასებით, გადაწყვეტილებამ იმუშავა და ქვეყანაში ხორბლის იმპორტი გაიზარდა, ფქვილის კი შემცირდა.
შემდეგ, საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციამ განცხადება გაავრცელა, რომლითაც ფქვილის და მარცვლეულის კონკრეტულ კულტურებზე დაწესებული გადასახადის ვადის გახანგრძლივებას ითხოვს, თუმცა როდემდე არ აკონკრეტებენ.