მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმპორტირებული ფრინველის ხორცის შემოწმების ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილებები შევიდა

5eaa898a0a8aa
ვიქტორია მღებრიშვილი
30.04.20 12:27
1735
2020 წლის 8 აპრილს ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში მთავრობის 225-ე დადგენილების თანახმად, ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმად, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 ივლისის №340 დადგენილებაში რეგლამენტის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-17 მუხლის მოქმედება შეჩერდა 2020 წლის 20 ოქტომბრამდე.

რას გულისხმობს ცვლილება?

საქმე იმაშია, რომ 340-ე დადგენილება ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ, მიზნად ისახავს ფრინველის ხორცის მარკეტინგთან დაკავშირებული რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრასა და მომხმარებელთა უფლებების დაცვას.
8 აპრილს შესული ცვლილებების მიხედვით კი, რეგლამენტის შეჩერებული მუხლების შედეგად, იმპორტირებულ ფრინველის ხორცზე კონტროლის მექანიზმები შესუსტდა. კერძოდ:

მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულია, რომ: "იმპორტირებულ ფრინველის ხორცს თან უნდა ახლდეს წარმოშობის ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტი, რომელიც შეიძლება წარმოდგენილი იქნეს ვეტერინარული სერტიფიკატის სახითაც, რომელიც ადასტურებს აღნიშნული პროდუქტების ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამის მოთხოვნებთან შესაბამისობას."

რაც შეეხება მე-17 მუხლს, ის იმპორტირებული ფრინველის ხორცზე კონტროლის ძირითად მექანიზმებს ადგენს. კონკრეტულად კი:

„1. სააგენტომ უნდა გაატაროს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-14–მე-16 მუხლებით განსაზღვრული შემოწმებებისთვის პრაქტიკული ღონისძიებები მარკეტინგის ყველა ეტაპზე, მათ შორის იმპორტზე კონტროლი ვეტერინარული სასაზღვრო კონტროლის დროს უნდა განხორციელდეს შემოსავლების სამსახურის მიერ ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი №4-ის და დანართი №5-ის, ხოლო მე-18 მუხლით განსაზღვრული ფრინველის ნაჭრებისა – დანართი №6-ის შესაბამისად.

2. თუ ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-14–მე-16 მუხლებით განსაზღვრული შემოწმებებისას, იმპორტირებული პროდუქტი არ შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი №4-ით და დანართი №5-ით, ხოლო მე-18 მუხლით განსაზღვრული ფრინველის ნაჭრების – დანართი №6-ით განსაზღვრული მოთხოვნებს, დაუშვებელია მისი საქართველოში რეალიზაცია.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ნიმუშის აღების სიხშირის განსაზღვრის მიზნით, რისკზე დაფუძნებული, სააგენტოსთან შეთანხმებული „მონიტორინგის გეგმა“ მტკიცდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“

ტექნიკურ რეგლამენტში მთავრობის მიერ 225-ე დადგენილებით შესული ცვლილებები 8 აპრილიდან ამოქმედდა. 

აღსანიშნავია, რომ  რეგლამენტის მიხედვით, რეგულირებას ახორციელებენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური, კომპეტენციის ფარგლებში.

bm.ge მეტი განმარტების მისაღებად სეს-ს დაუკავშირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები