„ქართულ-ევროპული მაკარონის ინდუსტრიის“ წარმომადგენელი გიორგი ბერიანიძე ადგილობრივად პროდუქტის წარმოებისა და რეალიზაციის პროცესში არსებულ გამოწვევებს შორის ნედლეულის მაღალ ფასს და იმპორტირებული პროდუქტის დაბალ ფასს ასახელებს. ბერიანიძემ პარლამენტში ფასების დროებითი კომისიის სხდომაზე დასწრებისას განაცხადა, რომ საცალო გაყიდვის ქსელები უპირატესობას დაბალფასიან იმპორტირებულ პროდუქტს ანიჭებენ, ამიტომ ადგილობრივი ნაწარმი დახლზე ვერ ხვდება. ის ამბობს, რომ ამ მხრივ მათ მხარდაჭერა სჭირდებათ, რათა ბიზნესმა გადარჩენა შეძლოს.
„გამოწვევები ძალიან ბევრია. მათ შეძლებისდაგვარად ვუმკლავდებით. მაკარონის წარმოებაში ძირითადი ნედლეული ფქვილია, შესაბამისად, ხორბლის ძირითადი იმპორტიორი რუსეთია. ქვეყანას ხორბლის იმპორტისას გადასახადი აქვს დაწესებული, ხოლო ამ ქვეყნებში ნაწარმოები მაკარონზე გადასახადი არ მოქმედებს. თურქეთს და სხვა ქვეყნები ხელს უწყობენ პროდუქტების ექსპორტზე გასვლას. ამ შემთხვევაში მწარმოებლისთვის ფასწარმოქმნაში პრობლემა იქმნება, რადგან ნედლეული რისგანაც პროდუქტს ვაწარმოებთ მაღალ ფასადაა და უკვე ნაწარმოები მეზობელი ქვეყნებიდან იმპორტირებული პროდუქტი დაბალფასიანია.
წარმოების ერთ-ერთი მთავარი წარმადობის რესურსია, რაც პროდუქციის ფასზე ისახება, რომ მაქსიმალურად დაიტვირთონ. გამოსავალი ის არის, რომ იყოს იმპორტიც და გარკვეული ხელშეწყობა ჰქონდეს ადგილობრივად ნაწარმოებ პროდუქტს, მაგალითად ის, რომ მაღაზიებმა მიიღონ არა დაბალფასიანი პროდუქტი, იმიტომ რომ ის მოთხოვნადია, არამედ ჩვენც გვქონდეს შესაძლებლობა დახლზე მოხვედრის. შესვლისას გარკვეული ბარიერების გადალახვა გვიწევს - იგივე ქეშბექი, შესვლის გადასახადი და ა.შ.
ყოველდღიურად თავის გადარჩენა გვიწევს და მომავლის იმედი, რომ ეს წარმოება, რომელიც ერთადერთია საქართველოში, ვინც ამ პროდუქტს აწარმოებს, მომავალში განვითარდეს“, - ამბობს გიორგი ბერიანიძე და დასძენს: „ფასწარმოქმნა დამოკიდებულია წარმოების მოცულობაზე. მაქსიმალური დატვირთვით თუ დავიტვირთებით, საშუალება გვექნება კონკურენცია გავუწიოთ იმპორტირებულ პროდუქციას ხარისხით თუ ფასით. მაგრამ ამის გაზიარება რით უნდა მოხდეს, თუ არა ქსელებში შესვლით და თაროზე მოხვედრის საშუალებით.
ჩვენი წარმოება დღესაც კონკურენტუნარიანია, თუმცა წარმოებები რომ გავზარდოთ, რეალიზაცია უნდა შევძლოთ. დღეს კი, საქართველოში სრულად იმპორტირებული პროდუქტია წარმოდგენილი“.




























