Koton-ის რეგიონული მენეჯერის თქმით, საბაჟო გაფორმების მომსახურების საფასურთან დაკავშირებული სიახლე კომპანიას ხარჯს მკვეთრად უზრდის, რაც სამომავლოდ პროდუქციის საცალო ფასების გაძვირებას გამოიწვევს. სალომე ისიანმა ცვლილების ეფექტზე BMG-სთან ისაუბრა.
საქმე ისაა, რომ 25 ნოემბრიდან საქართველოში ტანსაცმლის, ასევე თეთრეულის და ფეხსაცმლის იმპორტზე საბაჟო გაფორმების მომსახურების საფასური შეიცვალა. თუკი აქამდე მოქმედებდა მაქსიმუმ 500 ლარი განურჩევლად იმისა, რა ზომის პარტია იყო, ახლა საფასური მიება ტანსაცმლის წონას და ერთ კილოგრამზე 3 ლარია. გამონაკლისს წარმოადგენს იმპორტი ევროკავშირის ქვეყნებიდან და მეორადი ტანსაცმლის იმპორტი.
სალომე ისიანის თქმით, სიახლე მოულოდნელი იყო და კომპანიას მნიშვნელოვანი ფინანსური დარტყმა მიადგა.
"გვიწევს ამ [გაზრდილი] თანხის გადახდა, რადგანაც ევროკავშირიდან არ ვიღებთ პროდუქციას მიუხედავად „ევრო 1“ სერტიფიკატისა, ჩვენთან შემოდის თურქეთიდან, რაც 100-ჯერ, 200-ჯერ და 300-ჯერ აძვირებს იმ გადასახადებს, რასაც აქამდე ვიხდიდით. სრულიად შემთხვევით გავიგეთ, რამდენიმე დღით ადრე და ძალიან დაგვარტყა ფინანსურად. იმიტომ, რომ უკვე შემოსული ტვირთი იყო, ზუსტად 25 რიცხვში მოგვიწია განბაჟება და გადავიხადეთ დაახლოებით 45 000 ლარი უცებ 400 ლარის მაგივრად. რაც სრული შოკი იყო როგორც ჩვენთვის, ასევე თურქეთის სათავო ოფისისთვის.
მომხმარებლები ჯერ ამას, რა თქმა უნდა, ვერ იგრძნობენ ერთ და ორ კვირაში, თუმცა უკვე თვე რომ დაიხურება და დაიწყება ახალი შემოსული პროდუქციის თვითღირებულების დაანგარიშება და, რა თქმა უნდა, დაიგეგმება უკვე ამის მიხედვით შემდეგი წლის ბიუჯეტიც, იქ აუცილებლად აისახება ეს ხარჯები და აუცილებლად იმოქმედებს ფასების ზრდაზე",- ამბობს Koton-ის რეგიონული მენეჯერი.
მისივე ინფორმაციით, საქართველოში წარმოდგენილი ბრენდები ერთმანეთთან კომუნიკაციაში არიან და შესაბამის უწყებებთან შეხვედრის მზაობა აქვთ.
"ბრენდებს გვაქვს ყველას ერთმანეთთან კომუნიკაცია და ერთად ვაპირებთ, რომ რაღაც ნაბიჯები გადავდგათ. თუ იქნება საჭირო, შევხვდებით კიდეც შესაბამის წარმომადგენლებს და აუცილებლად განიხილავენ ამ საკითხს",- აცხადებს სალომე ისიანი.
ბიზნესი მთავრობას ტანსაცმლის იმპორტის ახალი გადასახადის მძიმე შედეგებზე აფრთხილებს - განცხადება
























