"აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აფხაზეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ურთიერთქმედების სამუშაო ჯგუფი შექმნა", - ინფორმაციას დე ფაქტო საგარეო უწყება ავრცელებს.
ინალ არძინბას განცხადებით, ამ ჯგუფის მთავარი მიზანი სავაჭრო, ეკონომიკურ, საინვესტიციო, კულტურულ და ჰუმანიტარულ სფეროებში კონტაქტების დამყარებაა. მას ე.წ. მინისტრის თანაშემწე, ედგარ გვაზავა უხელმძღვანელებს.
"ვფიქრობ, ჩვენ მოვემზადებით იქ ჩასასვლელად [არაბთა გაერთიანებულ საამიროებში] და, შესაძლოა, არაბთა გაერთიანებული საამიროების ბიზნეს მისიის აფხაზეთის რესპუბლიკაში ჩამოსვლა", - აღნიშნა არძინბამ.
მედიის ინფორმაციით, ედგარ გვაზავა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უკვე იმყოფებოდა, სადაც ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრები საზოგადო მოღვაწეებთან და თანამშრომლობით დაინტერესებულ ჟურნალისტებთანაც გაიმართა.
ცნობისთვის, 2023 წელს საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა.