ღონისძიებების ორგანიზების კომპანია Incendio Events, რომელიც ბაზარზე მიმდინარე წლის დასაწყისში გამოჩნდა, წლის ბოლომდე ფიზიკური სივრცის გახსნას გეგმავს.
როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი თიკო სიხარულიძე BM.GE-სთან აცხადებს, ახალი სივრცე თბილისთან ახლოს, დაახლოებით 30 კმ-ის რადიუსის მოშორებით განთავსდება და იქნება მულტიფუნქციური, რაც საშუალებას მისცემს გუნდს, სივრცე სხვადასხვა ტიპის ღონისძიებაზე მოარგოს. მისი ინფორმაციით, პროექტის განხორციელება დაახლოებით 200 000 დოლარის ინვესტიციით მოხდება.
„„გვინდა, რომ შევქმნათ მულტიფუნქციური სივრცე, რომლის გარდაქმნაც სხვადასხვა ფორმატზე შეგვეძლება. ეს მოგვცემს მეტი მოქნილობის საშუალებას და მომხმარებლებს სრულ სერვისს შევთავაზებთ", - აცხადებს სიხარულიძე.
მისი თქმით, პროექტის ფარგლებში კომპანია გეგმავს მულტისენსორული გამოცდილებების შექმნას, რაც გულისხმობს იმ გარემოს ჩამოყალიბებას, სადაც ღონისძიებებს თან ახლავს ხმის, სურნელის, ფაქტურისა და შეგრძნებების კომბინაცია, ეს კი სტუმრებისთვის უფრო ემოციურ და დასამახსოვრებელ გამოცდილებას შექმნის.
სიხარულიძის ინფორმაციით, ახალი ობიექტის ამოქმედება წლის ბოლომდე ან გაზაფხულის აქტიურ სეზონზეა დაგეგმილი, ხოლო საწყის ეტაპზე ძირითადი ინვესტიცია მოხმარდება ინფრასტრუქტურის, განათების სისტემისა და ინვენტარის მოწყობას.




























