მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინდექსაციის რა მოდელს სთავაზობს მთავრობა ინფრასტრუქტურულ კომპანიებს?

62680c5293f9e
ელენე გოგბერაშვილი
26.04.22 19:32
1236
გაძვირებული სამშენებლო მასალების ფონზე მთავრობა სახელმწიფო ტენდერებში მონაწილე ინფრასტრუქტურული კომპანიებისთვის ინდექსაციის სისტემის ამოქმედებას გეგმავს. ამის შესახებ დღეს ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ინდექსაციის არსი მდგომარეობს იმაში, რომ სახელმწიფომ სამშენებლო მასალის ფასების ცვლილება დააკომპენსიროს და შესაბამისად, გაზარდოს (ან შეამციროს) პროექტის განსახორციელებლად ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა.

აღსანიშნია, რომ კერძო სექტორი ჯერ კიდევ პანდემიის დროს შექმნილი კრიზისიდან მოყოლებული ითხოვს ინდექსირებას. ბოლო პერიოდში ეს საკითხი რეგიონში მიმდინარე ომმა გააქტიურა, რადგან მასალების თვითღირებულება ზოგიერთ შემთხვევაში 50-70%-ით გაიზარდა, ინდექსაციის მოდელის ამოქმედების გარეშე კი ბიზნესი ამბობს, რომ პროექტები ვერ შესრულდება. ირაკლი ქარსელაძემ დღეს დაადასტურა, რომ მთავრობა გეგმავს შესაბამისი განკარგულება გამოსცეს, რომელიც სახელმწოფო ტენდერებში მონაწილე ინფრასტრუქტურული კომპანიებისთვის ე.წ. ინდექსაციის სისტემის ამოქმედებას გულისხმობს, თუმცა ინფრასტრუქტურის მინისტრს კონკრეტული დრო არ დაუსახელებია.

კერძო სექტორი კი, მთავრობის შესაბამისი განკარგულების გამოცემას რამდენიმე დღეში ელის. როგორც ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი bm.ge-სთან საუბარში განმარტავს, ბიზნესს აქვს გარკვეული შენიშვნები და დღემდე რამდენიმე საკითხი ჯერ კიდევ ღიაა, მათ შორის გავრცელდება თუ არა ინდექსაცია დონორების მიერ დაფინანსებულ პროექტებზე. ამ ეტაპზე ცნობილია ის, რომ გაძვირებული ხარჯები საქსტატის მიერ დადგენილი ზღვარის მიხედვით დაკომპენსირდება.

"ინდექსაციის გარკვეული ვერსია უკვე შემოგვთავაზეს. აქ საუბარია გაძვირების კომპენსირების შესახებ, ოღონდ იმ პრინციპით, როგორიც მიღებული პრაქტიკაა. ამ შემთხვევაში საუბარია საქსტატის მონაცემებზე.

საქსტატმა უკვე დაიწყო იმ მეთოდოლოგიის შემუშავება, რომლითაც უნდა გამოაქვეყნოს ინდექსი (სხვადასხვა ტიპის ინდექსი იქნება სხვადასხვა ტიპის მშენებლობისთვის). მთავარი პრინციპი იქნება ის, რომ თვიდან თვემდე გაძვირება შევა ინდექსში და სწორედ ამ ინდექსის საფუძველზე მოხდება კონკრეტული ასანაზღაურებელი თანხის კალკულაცია კონკრეტული თვის სამუშაოებისთვის, რომელსაც სამშენებლო კომპანია შეასრულებს.

გარკვეული შენიშვნები გვქონდა: პირველ რიგში, ეს იყო ის, თუ რომელი უნდა იყოს საბაზისო თვე, საიდანაც დაანგარიშდება ინდექსები. ასევე ვთვლით, რომ ჩამკეტები უნდა არსებობდეს კონკრეტული ანაზღაურების შემთხვევაში. ძალიან ბევრი საკითხია, რომელიც ერთიანობაში ქმნის ანაზღაურების მექანიზმის ძირითად არსს. იმედია, ეს პრინციპები იქნება სწორად გაწერილი იმ განკარგულებაში, რომელიც გამოიცემა", - აცხადებს ანა საბახტარაშვილი.

მისი თქმით, ინდექსაცია პირველ ეტაპზე მიმდინარე და მაისამდე დადებულ ხელშეკრულებებს დაფარავს.

"ეს განკარგულება ფარავს იმ პროექტებს, რომელიც მიმდინარეა ან რომელთა გატენდერება მოხდება მაისამდე. მაისის შემდეგ ტენდერები უნდა გამოცხადდეს განახლებული ხარჯთაღრიცხვით“, - აცხადებს ანა საბახტარაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები