მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საწვავისა და ბიტუმის გაძვირების გამო მთავრობა ტენდერებში ფასების ინდექსაციის მექანიზმს აბრუნებს

გვირაბი

საწვავისა და ბიტუმის მკვეთრი გაძვირების გამო მთავრობა ინფრასტრუქტურული პროექტების ტენდერებში ფასების ინდექსაციის მექანიზმს აბრუნებს. გადაწყვეტილება გუშინ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ბიზნესს პრემიერმა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა გააცნეს. სექტორში ამბობენ, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა არსებული პროექტების თვითღირებულება 15%-ით უკვე გაზარდა, შესაბამისად, ინდექსაციის მექანიზმის ამოქმედება მიმდინარე ტენდერებში სექტორითვის მნიშვნელოვანი შვება იქნება.

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის შეფასებით, მიიღეს დაპირება, რომ მიმდინარე კონტრაქტებთან ერთად ინდექსაციის სამომავლო პროექტებში გათვალისწინებაზე მსჯელობა გაგრძელდება.

“გვაქვს გამოწვევები მიმდინარე კონფლიქტიდან - მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომმა როგორც საწვავზე, ასევე ბიტუმზე, რომელიც სრულად იმპორტირებულია. ორივე ამ კომპონენტს მნიშვნელოვანი წილი აქვს ხარჯების სტრუქტურაში.

სახელმწიფო აბსოლუტურად დროულად და ეფექტიანად, ჩაერთვება ამ პრობლემის მოგვარების ნაწილში, რაშიც იგულისხმება ინდექსაცია. ეს იქნება როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი გადაწყვეტილება.

მოგეხსენებათ, რომ ინდექსაცია ამ სექტორში ყოველთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო და ფაქტობრივად ჩვენ პერმანენტულად ვცხოვრობთ ინფლაციურ შოკებში.

მათ შორის გვქონდა ჩვენ საუბარი სახელშეკრულებო რეფორმებზე, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ უზრუნველყოს ის ამოცანები, რაც სახელმწიფოს აქვს და მეორეს მხრივ უზრუნველყოს რისკების სწორი გადანაწილება დამკვეთსა და მიმწოდებელს შორის.

საბოლოო ჯამში მინდა აღვნიშნო, რომ ეს იყო ძალიან დროული, ძალიან შინაარსიანი, აბსოლუტურად ღია შეხვედრა. დიდი ოპტიმიზმით ვართ სექტორი განწყობილი.

შევთანხმდით, რომ შევქმნით სამუშაო ჯგუფს, რომელიც პერმანენტულად იმუშავებს რეფორმებზე, მათ შორის შესყიდვების ნაწილში, მათ შორის ხარისხობრივ ნაწილში, სტანდარტების, მოთხოვნების მიმართ და რა თქმა უნდა ამ პროცესში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის ფასწარმოქმნა.

ინდექსაციის მექანიზმის გამოყენება მიმდინარე კონტრაქტებშიც მოხდება, რადგან უკვე მიმდინარე კონტრაქტები არის მაღალი საფრთხის ქვეშ და სახელმწიფო ჩაერთვება ამ ნაწილში და მოახდენს ინდექსირებას ამ მასალების გაძვირების. მეორე მხრივ, გრძელ ვადაში ამისი ფორმალიზებაც მოხდება. ჩვენ გუშინდელ შეხვედრაზე საბოლოო დოკუმენტი არ იყო წარმოდგენილი, თუმცა ამ საბოლოო დოკუმენტის შემუშავებაშიც ჩავერთვებით და შევჯერდებით თუ როგორ განხორციელდება მისი დათვლა და ანაზღაურება.”-ამბობს ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი გიორგობიანი.


ცნობისთვის. ტენდერებში ფასთა ინდექსაციის სავალდებულო შემოღებაზე ბიზნესი 2022 წლიდან საუბრობს. სწორედ ამ წელს სახელმწიფომ ბიზნესს ინდექსაცია, როგორც ერთჯერადი მექანიზმი, რუსეთ-უკრაინის ომიდან მომდინარე ნეგატიური გავლენების შესამსუბუქებლად შესთავაზა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები