ინდივიდუალური სამედიცინო დაზღვევის პოლისებზე მოთხოვნა იზრდება. როგორც BMG-სთან სადაზღვევო კომპანია „არდის“ გენერალური დირექტორი აცხადებს, ეს ერთი მხრივ, მომხმარებლის საჭიროებით აიხსნება - მიიღოს უფრო მოქნილი და სწრაფი სერვისი, ვიდრე ამას სახელმწიფო სისტემა სთავაზობს. მეორე მხრივ, კი, ინდივიდუალური პორტფელის ზრდაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან ამოქმედებულმა რეგულაციამ, რომლის მიხედვითაც საქართველოში შემოსული უცხოელებისთვის დაზღვევა სავალდებულო გახდა. შედეგად, ვიზიტორების ნაწილმა, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ, მხოლოდ საბაზისო სამოგზაურო პოლისის ნაცვლად, სრული სამედიცინო დაზღვევა შეიძინეს, რამაც ბაზარზე მოთხოვნა დამატებით გაზარდა.
„ის სეგმენტი, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში მონაწილეობს, მაგრამ ამავდროულად აქვს ფინანსურად იმის საშუალება, რომ კერძო დაზღვევა იყიდოს, ნელ-ნელა უფრო მეტად ამჯობინებს კერძო დაზღვევას, იმიტომ რომ ბევრად უფრო მარტივი სისტემაა. დაფარვებიც ბევრად უფრო მეტად მოქნილია და შესაბამისად, მომხმარებელი უყურებს თუ რა ტიპის სარგებელი შეიძლება, მიიღოს პროდუქტისგან. სახელმწიფო პროგრამები ფიქსირებულია, სტატიკურია, ის ძალიან იშვიათად იცვლება ხოლმე. ჩვენს შემთხვევაში კი, მუდმივად ვაუმჯობესებთ, ვამატებთ ახალ სერვისებს და ახალ დაფარვებს და ეს მოქნილობაც ცხადია, ბევრად უფრო მომხიბვლელია მომხმარებლისთვის.
მეორე, ასევე მნიშვნელოვანი მიზეზია ის, რომ წელს პირველი იანვრიდან შემოვიდა სავალდებულო დაზღვევა უცხოელებისთვის და რადგან საქართველოში არის ხალხი - ათეულობით ათასი ადამიანი, რომელიც ცხოვრობს აქ და ამავდროულად, სავალდებულო წესით მოეთხოვებოდა დაზღვევა, ბევრმა მათგანმა არ იყიდა სტანდარტული გადაუდებელი სერვისების სამოგზაურო დაზღვევა და იყიდა პირდაპირ სამედიცინო დაზღვევა გეგმური სერვისების ჩათვლით, ანუ, მათ უფრო ფართო დაფარვა შეიძინეს საბაზისო პაკეტის მიღმა.
შესაბამისად, ამ ორმა ფაქტორმა გამოიწვია საცალო ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისების ზრდა და ჩვენი მოლოდინით, რაც უფრო მეტად გაიზრდება სამედიცინო სერვისებზე მოთხოვნა, მით მეტად იქნება ჯანმრთელობის ინდივიდუალური დაზღვევა მოთხოვნადი“ - ამბობს მიხეილ ჯაფარიძე BMG-სთან.
მისივე განმარტებით, ბოლო 4-5 წლის განმავლობაში ინდივიდუალური სამედიცინო დაზღვევის მიმართულებით ინტერესი მკვეთრად გაიზარდა. თუ ადრე ინდუსტრია ასეთ პოლისებს მაღალი რისკისა და გადახდების რთული კონტროლის გამო ერიდებოდა, დღეს ვითარება შეცვლილია.
„კორპორაციული სამედიცინო დაზღვევისას რისკები ბევრად დაბალანსებულია მაღალი რისკის და დაბალი რისკის მქონე ჯგუფებს შორის. ინდივიდუალური დაზღვევის დროს, როცა ერთი ადამიანი იზღვევა, აქ ცხადია, არის რისკი იმის, რომ კონკრეტული საჭიროების გამო იზღვევოდეს ადამიანი. ამიტომ, ამას სადაზღვევო კომპანიები არეგულირებენ მოცდის პერიოდებით, გარკვეული ტიპის რისკების კითხვარებით და ასე შემდეგ, რომ რეალურად რისკი იყოს იმ პარამეტრებში, რასაც სადაზღვევო კომპანიას გათვლილი აქვს თავის პროდუქტში“ - განმარტავს მიხეილ ჯაფარიძე.
წლის დასაწყისიდან სამ თვეში, ჯანმრთელობის სადაზღვევო ბაზარზე 483 ათას 337 პოლისი გაფორმდა, საიდანაც 38 ათასზე მეტი საცალო ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისებზე მოდის, ეს მაჩვენებელი გასული წლის სამ თვეში 25 ათასი ერთეული იყო. ამასთან, წელს, პირველი კვარტლის პერიოდისთვის, ჯამში, მოქმედი სამედიცინო ჯანმრთელობის სადაზღვევო პოლისების რაოდენობა 811 ათას 684-ს შეადგენდა, საიდანაც 457 230 კორპორატიული, 91,564 საცალო, ხოლო 262,890 სახელმწიფო დაზღვევის პოლისებია.




























