მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დაშენებული" სადაზღვევო პაკეტების ბაზარი აუცილებლად გაიხსნება - ეს დროის საკითხია - ნინა კობახიძე

ნინა

"ე.წ. დაშენებული სადაზღვევო პოლისების დანერგვა წაახალისებს ინდივიდუალურ დაზღვევას, რომელიც დღეს ბაზრის მცირე ნაწილს იკავებს", - ამის შესახებ BMG-სთან სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი ნინა კობახიძე აცხადებს.

მისი თქმით, თუ სახელმწიფო კერძო სექტორს ამგვარი პაკეტების შექმნის საშუალებას მისცემს, ეს ინდივიდუალური დაზღვევის ბაზარს რევოლუციურად გაზრდის - მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ საბაზისო სერვისებს (მაგალითად, გადაუდებელი ოპერაციები) საკუთარი სახსრებით დაამატონ კერძო პოლისი, რომელიც დაფარავს მედიკამენტებს, ამბულატორიულ კვლევებსა და პრევენციულ სერვისებს.

მიუხედავად პოტენციური სარგებლისა, რეფორმას თან ახლავს გამოწვევები. კობახიძე განმარტავს, რომ საჭიროა სერვისების მკაფიო გამიჯვნა, რათა თავიდან იყოს აცილებული ე.წ. „გადაფარვა“ ან პაციენტების გაუმართლებელი გადამისამართება სექტორებს შორის.

„საჭიროა, ერთობლივი მუშაობა, რათა ერთი და იმავე სერვისის ორმაგი დაფინანსება არ მოხდეს. ასევე, თავიდან უნდა ავირიდოთ შემთხვევები, როდესაც სადაზღვევო კომპანია პაციენტს სახელმწიფოსთან აგზავნის და პირიქით. მიზანი უნდა იყოს დაავადებების პრევენცია და არა მხოლოდ უკვე დამდგარი სამედიცინო შემთხვევების მართვა,“ - ამბობს ნინა კობახიძე BMG-სთან.

მისივე განმარტებით, საკითხზე სექტორი უკვე დიდი ხანია სთავაზობს შესაბამის უწყებებს ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნას, რათა შემუშავდეს მინიმალური სტანდარტები - პაკეტი არ უნდა იყოს იმაზე ნაკლები, რასაც სახელმწიფო მოქალაქეს სთავაზობს.

ამასთან, ნინა კობახიძის აზრით, „დაშენებული პაკეტები“ მოქალაქეებს ორ მთავარ პრობლემას გადაუჭრის: მოქალაქეს აღარ მოუწევს ჯიბიდან დიდი თანხების გადახდა იმ სერვისებზე, რომლებსაც სახელმწიფო პროგრამა არ ფარავს; ამასთან, კერძო დაზღვევა უფრო მეტად ორიენტირებული იქნება პროფილაქტიკურ კვლევებზე, რაც საბოლოო ჯამში, მძიმე სამედიცინო შემთხვევების რაოდენობას შეამცირებს და სახელმწიფო ბიუჯეტსაც დაზოგავს.

„დაშენებული პაკეტების ბაზარი აუცილებლად გაიხსნება - ეს დროის საკითხია. სადაზღვევო ინდუსტრია ამისთვის მზად არის და მოლოდინის რეჟიმშია,“ - აცხადებს ნინა კობახიძე.

დაზღვევის სექტორი და „საქართველოს სადაზღვევო ასოციაცია“ ე.წ. დაშენებული სადაზღვევო პაკეტების მოდელის შემოტანას ითხოვს, რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ საყოველთაო ჯანდაცვას კერძო დაზღვევა დააშენოს. მიზანია დაზღვეულმა, კერძო პოლისით აანაზღაუროს ის ხარჯები, რომლებსაც სახელმწიფო პროგრამა სრულად არ ფარავს. მოდელი მოქალაქეს საშუალებას მისცემს, ერთდროულად ისარგებლოს სახელმწიფო პროგრამითაც და კერძო დაზღვევითაც, ნაცვლად იმისა, რომ მათ შორის არჩევანის გაკეთება უწევდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები