მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ინდოელი, პოლონელი და უნგრელი ასტრონავტები კოსმოსურ სადგურზე პირველად გაფრინდნენ

axiom
BM. GE
27.06.25 00:30
336

Axiom Space-მა ოთხშაბათს მეოთხე კერძო ფრენა განახორციელა საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მიმართულებით. ფრენა ისტორიული აღმოჩნდა ინდოეთის, პოლონეთისა და უნგრეთისათვის, რადგან მათი ასტრონავტები კოსმოსურ სადგურზე აქამდე არასდროს მოხვედრილან.

მისიას, რომელიც SpaceX-ის რაკეტა Falcon 9-ით განხორციელდა, NASA-ს ყოფილი ასტრონავტი, პეგი ვაითსონი უძღვებოდა. ხომალდი კენედის კოსმოსური ცენტრის პლატფორმიდან აფრინდა.

NASA-ს ასტრონავტთან ერთად Crew Dragon-ის კაფსულაში ინდოელი შუბანშუ შუკია, პოლონელი სლავოსჟ უძნასკი-ვისნიეშკი და უნგრელი ტიბორ კაპუ იმყოფებოდნენ. 4-კაციანი მისია საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 14 დღეს გაგრძელდება და ამ პერიოდში კოსმონავტები მიკროგრავიტაციასთან დაკავშირებულ კვლევას ჩაატარებენ. როგორც აღინიშნა, ეს ფრენა ინდოეთის, პოლონეთისა და უნგრეთისთვის ისტორიულია. გასული 40 წლის განმავლობაში, ადამიანის მონაწილეობით მოწყობილ არცერთ მისიაში მათ ასტრონავტებს მონაწილეობა არ მიუღიათ.

პეგი ვაითსონმა, რომელიც Axiom-ის კოსმოსში ადამიანების გამგზავრების მიმართულებას ხელმძღვანელელობს, NASA-ს ასტრონავტობისას 675 დღე გაატარა კოსმოსში, რითიც დაამყარა შეერთებული შტატების კოსმონავტთა რეკორდი. მისთვის ეს რიგით მე-5 ფრენაა. ვაითსონის მონაწილეობა ამ მისიაში კოსმოსურ საკითხებში კომერციული და სახელმწიფო ინტერესების კვეთას ადასტურებს. აღსანიშნავია, რომ NASA-ს ყოფილი ასტრონავტის თანამონაწილეობით დაფუძნებული კომპანია საკუთარი კომერციული კოსმოსური სადგურის შექმნაზე მუშაობს და მიზნად ისახავს, ჩაანაცვლოს არსებული, მოძველებული სადგური. როგორც ითქვა, ეს მისია არამარტო Axiom-ისთვის, არამედ რიგი ქვეყნებისთვისაც მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. მაგალითისთვის, ინდოეთს ეს ფრენა დაეხმარება, უფრო უკეთ მოემზადოს 2027 წელს დაგეგმილი გაგნიაანის ფრენისთვის, რომელშიც ინდოელი ასტრონავტების ჯგუფმა უნდა მიიღოს მონაწილეობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები