ბოლო პერიოდის განმავლობაში, გლობალური გეოპოლიტიკური რეალობა სერიოზულ ტრანსფორმაციას განიცდის.
დასავლეთის, განსაკუთრებით კი ამერიკის გლობალური ჰეგემონია თანდათან ეჭვქვეშ დგება, ხოლო განვითარებადი აღმოსავლური ქვეყნები აქტიურად ცდილობენ საკუთარი გავლენის სფეროების გაფართოებას და მეორე პოლუსის შექმნას. ამ პროცესში, ბოლო პერიოდში, განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში აღმოჩნდნენ სამი გიგანტი: ინდოეთი, ჩინეთი და რუსეთი.
ეს ქვეყნები ერთმანეთისგან განსხვავებული ისტორიული გამოცდილებით, პოლიტიკური სისტემებითა და სტრატეგიული ხედვებით გამოირჩევიან, თუმცა მათი გეოპოლიტიკური ინტერესები საკმაოდ ახლოსაა. ზოგისთვის ეს დროებითი ალიანსია, რომელიც კონკრეტულ გარემოებებზეა დამოკიდებული, სხვებისთვის კი – ახალი გლობალური ცენტრის ფორმირების დასაწყისი.
ინდოეთი, როგორც მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, მაინც ცდილობს გარკვეული ბალანსის შენარჩუნებას დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, განსაკუთრებით ამერიკასთან მიმართები, რადგან მას სჭირდება როგორც ამერიკასა და ევროპასთან თანამშრომლობა ინვესტიციების, ტექნოლოგიებისა და უსაფრთხოების მიმართულებით, ასევე ენერგორესურსებზე წვდომა და ახალი ბაზრების ათვისება აღმოსავლეთში.
ჩინეთი, რომელიც მსოფლიოს რიგით მეორე უდიდესი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოა, აქტიურად ავითარებს „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივას და გლობალურად დღის წესრიგი საკუთარი ხედვით ჩამოყალიბებას ცდილობს. ამ შემთხვევაში, ჩინეთი ღიად აცხადებს, რომ ის ამერიკის მეტოქეა და ვაშინგტონის ჰეგემონიის ჩასანაცვლებლად ძალისხმევას არ დაიშურებს.
რუსეთი კი სრულად იზოლირებული, სანქცირებული და დასავლეთისგან მოწყვეტილი, რეალური პარტნიორების გარეშეა დარჩენილი და იმედებს სწორედ ინდოეთსა და ჩინეთზე ამყარებს, რომელთაც რთულია მეგობრები ვუწოდოთ, რადგან მათი ურთიერთობა არა საერთო ღირებულებებზე, არამედ ვიწრო ეკონომიკურ ინტერესზე და საერთო სულისკვეთებაზე დგას.
ამ სამ ქვეყანას რეალურად ერთგვარი პრაგმატული მიზანი აერთიანებს, რაც დასავლეთზე პოლიტიკურ-ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირებას გულისხმობს. მათთვის დედოლარიზაცია უკვე ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული მიმართულებაა, ამიტომაც BRICS-ის თანამშრომლობის ფორმატში მუშაობა მიმდინარეობს ანგარიშსწორების ალტერნატიულ მექანიზმებზე და ახალ საფინანსო ინსტიტუტებზე, მათ შორის: საინვესტიციო ფონდებზე და ბანკებზე.
აქვე, შეუძლებელია უარვყოთ, რომ ინდო-ჩინურ-რუსული ეკონომიკური ურთიერთობები ბოლო წლებში განსაკუთრებით გაძლიერდა. რუსეთი ენერგორესურსების უმსხვილესი მიმწოდებელია ჩინეთისთვის, ხოლო ინდოეთი, დასავლეთის წნეხის მიუხედავად, აქტიურად ყიდულობს რუსულ ნავთობსა და გაზს, რადგან ქვეყანას იაფი ენერგიით სარგებლობა სურს. ამით მოსკოვი სტაბილურ შემოსავალს ინარჩუნებს, ხოლო პეკინი და ნიუ-დელი საკუთარ ეკონომიკებს აძლიერებენ და იაფ ენერგიას სარფიანად იყენებენ.
ამასთან, ჩინეთი და ინდოეთი ასევე ინტერესდებიან რუსეთის სამხედრო-ტექნოლოგიური გამოცდილებითა და ნედლეულის მარაგებით, რაც კიდევ უფრო მჭიდროდ აკავშირებს ამ სამ მხარეს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ტექნოლოგიურად განვითარებული სახელმწიფო არ არის, მას სამხედრო ტექნიკის წარმოების მიმართულებით გაცილებით დიდი ექსპერტიზა და გამოცდილება აქვს, ვიდრე ინდოეთსა და ჩინეთს, რომელთაც შეიარაღების მოდერნიზაციის და ამ მიმართულებით გაძლიერების ამბიციური გეგმები აქვთ.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ ქვეყნების დაახლოება მხოლოდ ეკონომიკური და ენერგეტიკული ინტერესებით არ შემოიფარგლება. გეოპოლიტიკური კოორდინაცია, მაგალითად, საერთაშორისო ორგანიზაციებში, დღითიდღე თვალსაჩინო ხდება. BRICS-ი, რომელიც თავდაპირველად ეკონომიკურ ფორუმად დაიწყო, უკვე გეოპოლიტიკურ პლატფორმადაც გადაიქცა, სადაც დასავლეთის ალტერნატიული დღის წესრიგი იქმნება. ჩინეთი, ინდოეთი და რუსეთი თანხმდებიან, რომ მსოფლიო მრავალპოლარული უნდა გახდეს, სადაც გავლენის ცენტრები მხოლოდ ვაშინგტონით და ბრიუსელით არ უნდა შემოიფარგლებოდეს. განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ რუსეთი, ჩინეთი და ინდოეთი პლანეტის მოსახლეობის ლამის ნახევარს აერთიანებენ.
მიუხედავად ყველაფრისა, არსებობს მნიშვნელოვანი წინააღმდეგობებიც. ჩინეთსა და ინდოეთს შორის ჯერ კიდევ მოუგვარებელია საზღვრის საკითხი, რაც პერიოდულად სამხედრო დაპირისპირებამდეც მიდის. ინდოეთი ცდილობს შეინარჩუნოს პარტნიორობა ამერიკასთანაც, განსაკუთრებით თავდაცვისა და ტექნოლოგიების სფეროში, რაც მის სრულფასოვან ჩართვას ჩინეთ–რუსეთის ალიანსში გარკვეულწილად აფერხებს. რუსეთიც, მიუხედავად ახლო ურთიერთობისა ჩინეთთან, ცდილობს, რომ არ აღმოჩნდეს სრულად დამოკიდებული პეკინზე, რადგან პუტინმა კარგად იცის, რომ ეკონომიკურად გაცილებით სუსტი პოზიციიდან მოქმედებს და სი ძინპინი ქველმოქმედი ნამდვილად არ არის. ამდენად, ეს ტრიუმვირატი ჯერ კიდევ წინააღმდეგობებითაა სავსე.
სწორედ ამიტომ, ექსპერტთა ნაწილი მას დროებით ალიანსად მიიჩნევს, რომელიც კონკრეტულ გარემოებებზეა დაფუძნებული, კერძოდ, სანქციების ზეწოლაზე, ენერგორესურსების საჭიროებაზე და დასავლური ჰეგემონიის წინააღმდეგ საერთო ინტერესზე. თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში, დასავლეთთან ღიად დაპირისპირების ფონზე, მათი ტრიუმვირატი რეალურად ახალი მიზიდულობის ცენტრად შეიძლება იქცეს, თუმცა მაინც არსებობს ერთი ნიუანსი, რომლის უარყოფა შეუძლებელია, ეს კი ამ ქვეყნების პოლიტიკურ წყობილებას უკავშირდება.
ერთ მხარეს გვაქვს ფაქტობრივი დიქტატურა, მეორე მხარეს - ერთპარტიული კომუნიზმი და მესამე მხარეს კორუფციაში ჩაფლული დემოკრატია, რაც გრძევლადიანი კოორდინაციისათვის მყარ ნიადაგს ნამდვილად არ ქმნის. ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ვლადიმირ პუტინი, სი ძინპინი თუ ნარენდრა მოდი ერთპიროვნული ლიდერები არიან, რომელთაც ნებიმისერ წამს შეუძლიათ ქვეყნის კურსის შეცვლა და მათ შორის, ტრიუმვირატის წინააღმდეგ წასვლა.




























