მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ინდოეთი ევროკავშირისთვის ავტომობილების იმპორტზე ტარიფების 70%-ით შემცირებას გეგმავს

ინდოეთი და ევროკავშირი

ინდოეთი ევროკავშირისთვის ავტომობილების იმპორტზე დაწესებული 110%-იანი ტარიფის 40%-მდე შემცირებას გეგმავს. გავრცელებული ინფორმაციით, გადაწყვეტილება კავშირშია ორ სავაჭრო პარტნიორს შორის მასშტაბური სავაჭრო შეთანხმების გაფორმებასთან, რომელიც 27 იანვარსაა დაგეგმილი და რომელიც ბევრ სხვა საკითხთან ერთად მანქანების იმპორტის გადასახადის საკითხსაც დაარეგულირებს. როგორც უცხოური მედია წერს, ტარიფების შემცირება დაუყოვნებლივ შეეხება 15,000 ევროზე ძვირად ღირებულ, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში წარმოებულ ავტომობილებს. ოფიციალური ნიუ დელი შემდგომ წლებში იმპორტზე დაწესებული დამატებითი გადასახადის 40%-იდან 10%-მდე დაწევასაც განიხილავს, თუმცა ამჟამად ოფიციალურ ბრიუსელთან შეთანხმება მხოლოდ 40%-ზე მოხერხდა. შეგახსენებთ, საპასუხოდ ტარიფების შემცირებასა და საკუთარი ბაზრის მეტად გახსნას ევროკავშირიც გეგმავს, შესაბამისად, %-ის საკითხი სწორედ იმის მიხედვით დგება, თუ რას რის სანაცვლოდ თმობენ მხარეები.

სექტორის ექსპერტები მოელიან, რომ ტარიფების შემცირება დადებითად აისახება წამყვან ევროპულ ავტომწარმოებლებზე, გერმანულ Volkswagen-ზე, Mercedes-Benz-სა და BMW-ზე, ასევე ფრანგულ Renault-ზე. სავარაუდოა, რომ კომპანიები მიმდინარე წელს გაყიდვებთან და შემოსავლებთან დაკავშირებულ პროგნოზებს გააუმჯობესებენ, რადგან ტარიფების შემცირება 1,5-მილიარდიან ბაზარზე შესვლას გაცილებით გაამარტივებს. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირსა და ინდოეთს შორის დაანონსებული სავაჭრო შეთანხმება ამ ეტაპზე მხოლოდ შიდა წვის ძრავიან ავტომობილებს შეეხება. რაც შეეხებათ ელექტრომობილებს, მათ დაშვებას ოფიციალური ნიუ დელი მომდევნო 5 წლის განმავლობაში არ აპირებს, მიზეზად კი ადგილობრივ ბაზარზე წარმოდგენილი კომპანიების ინტერესების დაცვაა. ცნობისთვის, ამჟამად, ინდოეთში ლიდერ პოზიციას Suzuki ინარჩუნებს და მას ადგილობრივი მწარმოებლები, Tata და Mahindra მოჰყვებიან. ევროპულ ბრენდებს ბაზრის მხოლოდ 4% უკავიათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები