ინდოეთის ნავთობის მინისტრის, ჰარდიპ პურის განცხადებით, ქვეყანა რუსული წიაღისეული საწვავის იმპორტს მკვეთრად ამცირებს და ეს ტემპი მთლიანი წლის განმავლობაში შენარჩუნდება.
კერძოდ, საუბარია დღიურად 1.8 მილიონი ბარელის იმპორტის 1.3 მილიონამდე შემცირება, რაც, მინისტრის თქმით, განპირობებულია დივერსიფიცაკიის, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების დასტაბილურების სურვილით.
აღსანიშნავია, რომ ინდოეთისთვის დაწესებული ტარიფების შემცირებაზე უკვე ოფიციალურად ისაუბრა შტატების სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვნელმაც, რომელმაც შესაძლო გადაწყვეტილების მთავარ მიზეზად სწორედ ინდოეთის მიერ რუსული ნავთობის იმპორტის შემცირება დაასახელა.
ჰარდიპ პურმა ისიც აღნიშნა, რომ დივერსიფიკაციის ახალი სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში ქვეყანა არსებული 41 პარტნიორისგან, მათ შორის, არაბთა გაერთიანებულ საამიროებისაგან წიაღისეული საწვავის შესყიდვას კიდევ უფრო გაზრდის და განიხილავს იმპორტს კანადიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდანაც. აღსანიშნავია, რომ ინდოეთი მსოფლიოში ნავთობის მესამე უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყანაა. შეგახსენებთ, ბოლო წლების განმავლობაში ოფიციალური ნიუ დელი რუსეთისაგან ნავთობის განსაკუთრებით დიდ რაოდენობას ყიდულობდა, რადგან წიაღისეული საწვავის ღირებულება საბაზრო სტანდარტზე გაცილებით დაბალი იყო, თუმცა ამ მიდგომამ ინდოეთის ხელისუფლება არასასიამოვნო ეკონომიკურ ვითარებაში ჩააყენა, რადგან პრეზიდენტმა ტრამპმა მათ 50%-იანი ტარიფები სწორედ ამ მიზეზის გამო დაუწესა.




























