ინდოეთის მინისტრთა კაბინეტმა ფინანსური დახმარების პაკეტის გააქტიურებას მხარი დაუჭირა. სახელმწიფო სუბსიდიებით ის ინდური კომპანიები ისარგებლებენ, რომლებმაც ამერიკული ტარიფების გამო მნიშვნელოვნად იზარალეს. ზოგიერთი ინდური პროდუქტისათვის ახლად დაწესებული ტარიფების მოცულობა 50%-ს სცდება. კერძოდ, საუბარია ქსოვილებზე, ძვირფასეულობასა და ზღვის ნობათზე.
ინდოეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება ადგილობრივი მწარმოებლების ინტერესების დაცვისა და მათი კონკურენტუნარიანობის გაზრდას ისახავს მიზნად. საგულისხმოა, რომ დაწესებული ტარიფების გამო, ინდური კომპანიები შტატების ბაზარზე ვიეტნამურ და ბანგლადეშურ მწარმოებლებს ჩამორჩებიან.
დახმარების პაკეტის ღირებულება 450 მილიარდი ინდური რუპიაა, რაც ამერიკულ დოლარებში $5.1 მილიარდს უდრის.
ამასთან, ინდოეთის კომერციისა და ინდუსტრიის სამინისტრო დაზარალებულ კომპანიებს საპროცენტო განაკვეთებს დაუსუბსიდირებს. ამასთან, დაიწყება დაკრედიტების ახალი პროგრამა, რომელიც ინდოელ მწარმოებლებზე იქნება გათვლილი და რომელიც სესხის მისაღებად აქტივების ჩადებას არ მოითხოვს.
საინტერესოა, რომ ინდოეთის ხელისუფლებამ კომპანიებს საერთაშორისო ბაზრების დივერსიფიკაციისკენაც მოუწოდა. როგორც ოფიციალურ დელიში განმარტავენ, სახელმწიფო ყველანაირად შეუწყობს ხელს არსებულ მწარმოებლებს, რომ ისეთ ახალ ბაზრებზე გავიდნენ, როგორებიც აფრიკა და სამხრეთ ამერიკაა. ინდოეთის მთავრობის თქმით, ახალ ბაზრებზე შესვლით დაინტერესებულ საწარმოებს ისინი ბრენდინგის, შეფუთვისა და ლოგისტიკის საკითხებში დაეხმარებიან.
დახმარების პაკეტი ხაზს უსვამს ინდოეთის ხელისუფლების სურვილს, ადგილობრივმა საწარმოებმა საერთაშორისო ბაზარზე დაკარგული პოზიციები დაიბრუნონ და ზარალის ეფექტი შეამცირონ.




























