საქართველოდან, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 26 მოქალაქეა გაძევებული. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მათი გაძევება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში მოხდა.
"ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: ინდოეთის, ყირგიზეთის, ირანის, რუსეთის, პაკისტანის, თურქმენეთის, თურქეთის ტაჯიკეთის, ბანგლადეშის, ერაყის - ჯამში 26 მოქალაქე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ", - ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.
შსს-ში განმარტავენ, რომ მიგრაციის დეპარტამენტი ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს წარმოადგენს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება.




























