ქართული ტურისტული კომპანია "ვინგლეთის" დამფუძნებელი ანა კირკიტაძე ახლო აღმოსავლეთის მოვლენების გავლენას აფასებს და აღნიშნავს, რომ ინდოეთიდან აპრილ-მაისის ჯავშნები უკვე გაუქმდა.
ანა კირკიტაძემ BMG-სთან IndiGo-ს მიერ ფრენების შეჩერებაზეც ისაუბრა და აღნიშნავს, რომ ეს არ არის გადამწყვეტი ფაქტორი და უფრო მეტად ეფექტი გალფის ქვეყნების აეროპორტების შეფერხებებს აქვს.
"სანამ ეს საომარი სიტუაციები დაიწყებოდა IndiGo-ს ფრენების გაუქმება მანამდე მოხდა და რეალურად მიზეზი ის იყო, რომ IndiGo იყენებს ირანის ცას. პაკისტანის ცაზე IndiGo საერთოდ ვერ დაფრინავს მათ ქვეყნებს შორის კონფლიქტის გამო. ირანის და პაკისტანის გზის გამორიცხვის შემდეგ საკმაოდ დიდი წრის გაკეთება უწევს, რომ საქართველოში ჩამოფრინდეს. IndiGo არ არის მაღალბიუჯეტური ავიაკომპანია, საკმაოდ დაბალ ფასად ყიდის ავიაბილეთებს და ნუ ამ მიზეზების გამო ვთქვათ აღარ უღირდათ მსგავსი რისკების აღება და უბრალოდ თადარიგი დაიჭირეს და ცოტა ადრე გააუქმეს რეისები ვიდრე თუნდაც ეს კონფლიქტი უკვე აქტიურ ფაზაში შევიდოდა. რა თქმა უნდა IndiGo-ს ფრენები ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ჩვენთვის ინდოეთის ბაზრიდან ტურისტების შემოყვანის ნაწილში, თუმცა არ არის ხოლმე გადამწყვეტი.
გადამწყვეტი, რაც ახლა ამ წუთისთვის არის და რამაც პრაქტიკულად თითქმის ნულამდე ჩამოიყვანა ინდოეთიდან ტურისტების შემოყვანა, არის გალფის ქვეყნების ჩაკეტვა. ჩვენი ტურისტების უდიდესი ნაწილი თუ არა IndiGo-ს, იყენებდნენ ან აბუ-დაბის, შარჟას, დუბაის ან დოჰას აეროპორტებს საქართველოში მოსახვედრად. ამ აეროპორტებში ამ წუთისთვის ფრენები არ ხორციელდება ან თუ ხორციელდება ძალიან დაბალი რაოდენობით. რა თქმა უნდა არის ვთქვათ ალტერნატივები პირობითად ყაზახეთის ავიახაზები, თურქეთის ავიახაზები და აზერბაიჯანის ავიახაზები, ტრანზიტული ქალაქის გამოყენებისას შეიძლება ბილეთების აწყობა, მაგრამ ეს იმუშავებს მხოლოდ და მხოლოდ ინდივიდუალურ შეკვეთებზე. ანუ პრაქტიკულად არცერთი ჯგუფი რომელზეც ვმუშაობდით აპრილის და მაისის თვეში აღარ ჩამოდის საქართველოში ანუ უკვე გაგვიუქმეს ჯავშნები",- ამბობს "ვინგლეთის" დამფუძნებელი.
მისივე თქმით, ჯერჯერობით არ გაუქმებულა ზაფხულის ჯავშნები, თუმცა ესეც კითხვის ნიშნის ქვეშაა.
ელოდებიან ასე ვთქვათ როგორ განვითარდება სიტუაცია თუმცა ნუ ვთქვათ ერთი თვის მანძილზე ისევ იგივე რეჟიმში ვიქნებით, დარწუნებული ვარ ეს მერე უკვე ზაფხულის გაუქმებასაც შეეხება. უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობით ჯგუფზე ვმუშაობდით, ივლისის თვეში დაახლოებით 2000 კაცამდე ერთად უნდა ჩამოსულიყო, თუმცა ესეც კითხვის ნიშნის ქვეშ გვყავს არასტაბილური სიტუაციის გამო",- აცხადებს ანა კირკიტაძე.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2025 წელს ინდოეთიდან საქართველოს 142 476 ვიზიტორი სტუმრობდა, რაც 14.6%-ით უფრო მეტი იყო, ვიდრე 2024 წელს.




























