საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ინდოეთის ტურისტული ბაზრის ათვისებისთვის მარკეტინგულ კომპანია THINKSTRAWBERRIES LUXURY TRAVEL MARKETING PVT LTD-სთან გააფორმა კონტრაქტი. გამარტივებული წესით გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულება $407,572 აშშ დოლარს შეადგენს და ის მიზნად ისახავს საქართველოს, როგორც წლის ნებისმიერ დროს მიმზიდველი ტურისტული მიმართულების პოზიციონირებას ინდოელ, მაღალშემოსავლიან მოგზაურებში.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ ეს ხელშეკრულება ხელს შეუწყობს ინდოელი ტურისტების, განსაკუთრებით მაღალშემოსავლიანი მოგზაურების ნაკადის ზრდას, რაც მნიშვნელოვნად აისახება ქვეყნის ტურისტულ ინდუსტრიაზე.
დაგეგმილია შემდეგი აქტივობები:
- 15-წამიანი რეკლამები Youtube-ზე, კამპანიის ხანგრძლივობა 90 დღე, მოსალოდნელი ნახვები 2.75 მილიონი, კლიკი 16,000;
- 3-4 ვიდეო Instagram-ზე, რომელთა დასპონსორებაც მოხდება. კამპანიის ხანგრძლივობა 90 დღე, მოსალოდნელი ნახვები 9.6 მილიონი, კლიკი 67,000;
- სპეციალური ვიდეოკონტენტის გადაღება საქართველოში, რომელიც შემდეგ ინდურ სოცმედიაში გამოქვეყნდება, პროექტს 7-კაციანი გადამღები ჯგუფი მოემსახურება;
- ონლაინ მედია რეკლამები - ნახვები 13 მილიონზე მეტი;
- ბეჭდურ მედიაში რეკლამები - ერთი სარეკლამო გვერდი, ცირკულაცია 300,000 ეგზემპლარი;
- როუდშოუ დელისა და მუმბაიში;
- ინფლუენსერ მარკეტინგი - 5 ინფლუენსერის საქართველოში ჩამოყვანა, საშუალო ფოლოვერების რიცხვი 500,000+, მათ მიერ დასაპოსტი პოსტების რიცხვი 3-4; სთორების რიცხვი 15-20;
- კორპორატიული ტურიზმის მარკეტინგი - MICE ტურიზმის 5 წარმომადგენლის ვიზიტი;
- ქორწილების დაგეგმვის მარკეტინგი - 4 ქორწილის დამგეგმავის ვიზიტი საქართველოში.




























