ნედლი ნავთობის იმპორტის კუთხით ინდოეთში რუსეთის წილი 2022 წლის ოქტომბრის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა. არსებული ინფორმაციით, ის სიცარიელე, რაც აშშ-ინდოეთის სავაჭრო შეთანხმების დაანონსების შემდეგ შეიქმნა, მალევე საუდის არაბეთმა შეავსო და ტრადიციული პირველობა დაიბრუნა.
არსებული ინფორმაციით, ამჟამად ინდოეთში ნავთობის იმპორტის 55% სწორედ ამ არაბულ ქვეყანაზე მოდის. ეს მაშინ, როცა რუსული მიწოდება 21.2%-მდე არის შემცირებული და სავაჭრო გარიგების ოფიციალურად ხელმოწერის შემდეგ კიდევ უფრო დაიკლებს. ეს მოცემულობა განსაკუთრებით მძიმეა კრემლისთვის, რადგან ის რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდგომ ქვეყნისთვის ნავთობის მთავარი მიმწოდებელი იყო და ომის მანქანის უწყვეტი მუშაობისთვის მნიშვნელოვან შემოსავალს სწორედ ამ გზით იღებდა.
ინდოეთის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, იანვარში რუსული წიაღისეული საწვავის იმპორტი 23.5%-ით, დღეში დაახლოებით 1.1 მილიონი ბარელამდე შემცირდა. ანალიტიკოსების შეფასებით, მარტის თვისთვის კლების მაჩვენებელი დღეზე 800,000 ბარელს მიაღწევს. ამ პროგნოზს კი ამყარებს ფაქტი, რომ წამყვანმა ინდურმა ნავთობგადამმუშავებელმა ქარხნებმა საუდის არაბულ მხარესთან მსხვილი კონტრაქტების დადება აქტიურად დაიწყეს. სავარაუდოა, რომ რუსული პოზიციების შესუსტებაში წვლილს შეიტანს ვენესუელური ნავთობიც, რომლის იმპორტზეც მოლაპარაკებები ოფიციალურ ვაშინგტონსა და ნიუ დელის შორის ახლა მიმდინარეობს.




























