ინდოეთის თავდაცვის სექტორმა გასულ ფისკალურ წელს ექსპორტის უპრეცედენტო ზრდა დააფიქსირა.
ოფიციალური ნიუ დელის მიერ ხუთშაბათს გავრცელებული განცხადების თანახმად, მარტში დასრულებული საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, ქვეყანამ 384.24 მილიარდი რუპიის ($4.11 მლრდ.) ღირებულების შეიარაღება გაყიდა.
აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ მონაცემს ($2.52 მლრდ.) 62%-ით აღემატება. როგორც ირკვევა, ერთ წელიწადში ექსპორტის მოცულობის 148.02 მილიარდი რუპიით გაზრდა ინდური წარმოების თავდაცვითი პროდუქციის მიმართ გლობალური ნდობის ზრდამ და საერთაშორისო მიწოდების ჯაჭვებში ქვეყნის ინტეგრირებამ განაპირობა. ცნობისთვის, ინდოეთი ამჟამად სამხედრო აღჭურვილობის ექსპორტს მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს.
ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, რაჯნათ სინგჰმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფო, რომელიც ადრე იარაღის იმპორტზე იყო დამოკიდებული, ახლა აქტიურ ექსპორტიორად იქცა. მისი თქმით, ეს იმის დამსახურებაა, რომ ბოლო წლებში ინდოეთმა ადგილობრივი წარმოება მკვეთრად გააძლიერა და დღეს დამოუკიდებლად, ან უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობით აწარმოებს ყველაფერს - დაწყებული ცეცხლსასროლი იარაღიდან და დრონებიდან, დასრულებული გამანადგურებელი თვითმფრინავებითა და წყალქვეშა ნავებით.
ცნობისთვის, სტოკჰოლმის მშვიდობის საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტის მონაცემებით, ინდოეთი მსოფლიოში სამხედრო ხარჯების მიხედვით მეხუთე ადგილზეა. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ექსპორტის ზრდის მიუხედავად ქვეყანა კვლავ რჩება იარაღის მეორე უმსხვილეს იმპორტიორად უკრაინის შემდეგ, რაც, ანალიტიკოსების შეფასებით, მიუთითებს იმაზე, რომ სახელმწიფო არამარტო საკუთარი წარმოების შეიარაღებაზეა დამოკიდებული, არამედ საუკეთესო საერთაშორისო იარაღსაც ყიდულობს. ყიდულობს, რათა ამბიციური თავდაცვითი სტრატეგია რეალობად აქციოს.




























