ინდოეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კონგლომერატი Adani Group-ი აანონსებს, რომ AI ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მომდევნო 10 წლის განმავლობაში $100 მილიარდის ინვესტიციას განახორციელებს. როგორც Adani-ს წარმომადგენლები აცხადებენ, მათი მიზანია, 2035 წლამდე მსოფლიოში ყველაზე დიდი ინტეგრირებული პლატფორმა შექმნან, რომელიც არამარტო მონაცემთა ცენტრებს, არამედ მათი მუშაობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან განახლებადი ენერგიის ობიექტებს მოიცავს.
კონგლომერატში მოელიან, რომ $100 მილიარდის ინვესტირების გადაწყვეტილება მკვეთრად გაზრდის ტექნოლოგიური სექტორის დაინტერესებას და ეკოსისტემაში ჩართულ სხვა კომპანიებს უბიძგებს, მომდევნო ათწლეულში დამატებით $150 მილიარდის ინვესტიციები განახორციელონ. როგორც Adani Group-ის ხელმძღვანელი, გაუტამ ადანი ამბობს, ეს ნაბიჯი ინდოეთს დაეხმარება, 2035 წლისთვის მიაღწიოს სრულ ტექნოლოგიურ სუვერენიტეტს და ის მსოფლიოში მიმდინარე AI რბოლის დომინანტად აქციოს.
აღსანიშნავია, რომ კონგლომერატის მიერ $100 მილიარდის გამოყოფის გადაწყვეტილებას ინვესტორები დადებითად შეხვდნენ. კერძოდ, Adani Enterprise-ის აქციების ფასი საფონდო ბირჟაზე 2.4%-ით გაიზარდა.
ანალიტიკოსების შეფასებით, არსებობს რამდენიმე კონკრეტული მიზეზი, რის გამოც ინვესტორები კოლოსალური თანხების დახარჯვის გადაწყვეტილებას დადებითად შეხვდნენ. უპირველესია ის, რომ Adani, როგორც ინდოეთის წამყვანი კონგლომერატი ქვეყანაში საკმაოდ დიდ პორტფელს ფლობს, შესაბამისად, წარუმატებლობის შემთხვევაშიც კი რისკიანი ინვესტიცია მძიმე დარტყმა არ იქნება კომპანიისთვის. მეორე არის ის, რომ განსხვავებით Microsoft-ისა და Amazon-ისაგან, Adani $100-მილიარდიანი ინვესტიციის განხორციელებას 10-წლიანი პერიოდით გეგმავს.
შეგახსენებთ, დასახელებული ტექნოლოგიური გიგანტები მხოლოდ წელს AI ინფრასტრუქტურაზე $150-$200 მილიარდის დახარჯვას გეგმავენ, რაც ინვესტორებს გაუმართლებელ რისკებად მიაჩნიათ. სწორედ ამით აიხსნება საფონდო ბირჟაზე მათი აქციების 8-14%-ით შემცირდა. ბოლო მიზეზი, რომელზეც სექტორის ექსპერტები ამახვილებენ ყურადღებას, ეს ინდურ ბაზარზე ინდური კომპანიის მიერ ტექნოლოგიურ კომპანიებთან კონკურენციაში შესვლაა. მათ მიაჩნიათ, რომ თუ მონაცემთა ცენტრებსა და შესაბამის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას ადგილობრივი კომპანია ააგებს, ეს ქვეყნის დამოკიდებულებას უცხოეთზე გარკვეულწილად შეამცირებს.




























