მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ინდოეთს იმედიანად ვუყურებთ.. საქორწილო ღონისძიებების მასპინძლობა, ჩვენთვის საინტერესოა" - Lopota Spa Resort

Lopota Lake Resort & Spa

კახეთში მდებარე „ლოპოტა სპა რეზორტი“ ინდური ქორწილების მასპინძლობის მიმართულებას უერთდება, რაც ტურისტული კომპლექსისთვის მიმზიდველ მიმართულებად ფასდება. ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ რეზორტის კომერციულმა დირექტორმა მაკა ღლიღვაშვილმა განაცხადა, როდესაც საქართველოში საქორწილო ტურიზმის პოპულარიზაციის ფარგლებში დაგეგმილ 592 613-დოლარიან ინვესტიციას აფასებდა.

ძალიან იმედიანად ვუყურებთ ინდოეთის ბაზარს. საქორწილო ღონისძიება, რომელიც 2018 წელს ჩატარდა, სასტუმროსთვის ძალიან მოგებიანი აღმოჩნდა. მას შემდეგ ინდური და საერთაშორისო ქორწილების მიმართულება ცოტა უკან წავიდა, თუმცა ყოველწლიურად უცხოელ სტუმართა ქორწილები, უფრო მცირე მასშტაბით, მაინც გვაქვს“, – აღნიშნა მან.

ღლიღვაშვილმა აღნიშნა, რომ ინდური ქორწილები „ლოპოტას“ აქტიურ ტურისტულ სეზონს არ ემთხვევა : "საქორწილო ღონისძიებები ტარდება აპრილში, მაისსა და ივნისში, აგრეთვე ოქტომბერში. ეს პერიოდები საკმაოდ ხელსაყრელია ჩვენი რეზორტისთვის, რადგან ივლისი და აგვისტო ისედაც აქტიურია. ამიტომ საქორწილო ღონისძიებების მასპინძლობა, ჩვენთვის საინტერესოა", - დასძინა მან.

ღონისძიების მასშტაბებზე საუბრისას, კომერციულმა დირექტორმა აღნიშნა, რომ „ლოპოტა სპა რეზორტი“ ამ ეტაპზე საშუალო ზომის, 500–600-სტუმრიან ქორწილებს მასპინძლობს. „ჩვენი 310 ნომრით ეს ღონისძიებები სრულად კმაყოფილდება. 1000-მდე სტუმრის შემთხვევაში კი, სტუმრები რამდენიმე სასტუმროში გადანაწილდებიან, რაც ჩვენთვის ადაპტირებადი პროცესია და პრობლემას არ ქმნის“, – განმარტა მან.

რაც შეეხება საერთაშორისო ბაზრების დატვირთვას, მისი თქმით, ბოლო ორი წელიწადია ისრაელის ბაზარი ლიდერობს, რომელმაც სპარსეთის ყურის ქვეყნები ჩაანაცვლა. „ჯავშნების დაახლოებით 45–50% კვლავ ადგილობრივ დამსვენებელზე მოდის. საერთაშორისო ბაზრებიდან კი, ყველაზე მეტი სტუმარი ისრაელიდან, შემდეგ – სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან, დსთ-ის ქვეყნებიდან გვყავს“, – აღნიშნა ღლიღვაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები