ინდოეთის სამხრეთ ნაწილში, კერალაში მეწყერს 93 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ასობით ადამიანი კი კვლავ დაკარგულად ითვლება - ამის შესახებ Reuters-ი ინდურ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომლის ინფორმაციითაც მეწყერის განვითარება ძლიერმა წვიმამ გამოიწვია.
მეწყერი გვიან ღამით ვაიანადის რაიონში, კერალაში ტურისტულად ყველაზე დატვირთულ ტერიტორიაზე ჩამოწვა. რეგიონი გამორჩეულია ჩაის წარმოებითაც - მსხვერპლის დიდი ნაწილი სწორედ ჩაის საწარმოების თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები არიან.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რეგიონში მცხოვრები 350 ოჯახიდან მაშველებმა სამშვიდობოს უკვე გამოიყვანეს 250, 100-მდე ოჯახი კი კვლავ სტიქიის ზონაში რჩება.
ადგილობრივი მეტეოროლოგიური სააგენტოს ინფორმაციით, კერალას ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილში ძლიერი წვიმა დღის განმავლობაშიც მოსალოდნელია.