მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინდონეზია ღაზას სამშვიდობო მისიისთვის 8,000 ჯარისკაცს ამზადებს

პრაბოვო სუბიანტო

ინდონეზიის პრეზიდენტის, პრაბოვო სუბიანტოს გადაწყვეტილებით, ქვეყანა აქტიურად ემზადება 8,000 ჯარისკაცისგან შემდგარი სამხედრო კონტინგენტის ღაზას სექტორთან გაგზავნისთვის.

როგორც ქვეყნის ლიდერი აცხადებს, მათი მიზანი იმ სამშვიდობო მისიაში მონაწილეობა იქნება, რომელიც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისრაელ-ჰამასის შეთანხმების მე-2 ფაზის ფარგლებში დააანონსა.

ინდონეზიის არმიის შტაბის უფროსის, მარული სიმანჯუნტაკის განცხადებით, ამჟამად ქვეყანა კონტინგენტის მომზადების საწყის ეტაპზეა, შესაბამისად, რთულია იმის თქმა, როდის განლაგდებიან სამხედროები ღაზას საზღვარზე. არსებული ინფორმაციით, გაგზავნილი დანაყოფები, ძირითადად, საინჟინრო და სამედიცინო მხარდაჭერის გაწევაზე იქნებიან ორიენტირებულები.

შესაბამისად, ისინი აქტიურ სამხედრო მოქმედებებში არცერთ შემთხვევაში არ ჩაერევიან. როგორც ინდონეზიის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, პრაბოვოს გადაწყვეტილება მიუთითებს, თუ რამდენადაა ქვეყანა დაინტერესებული საერთაშორისო სტაბილიზაციის პროცესში საკუთარი წვლილის შეტანით.

აღსანიშნავია, რომ ინდონეზიის ხელისუფლება დამატებით 12,000 სამხედროს მომზადებასაც გეგმავს, რომლებიც სამშვიდობო მისიის ფარგლებში მსოფლიოს სხვა პრობლემურ რეგიონებში გაიგზავნებიან. შეგახსენებთ, ინდონეზია პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაფუძნებულ “მშვიდობის საბჭოს” პირველივე დღიდან შეუერთდა და დადო პირობა, რომ ყველაფერს გააკეთებდა, რათა თავისი წვლილი შეეტანა ახალი საერთაშორისო ორგანიზაციის ეფექტურობაში. ინდონეზიის ლიდერი ესწრებოდა ეგვიპტეში გამართულ ისტორიულ სამიტსაც, სადაც ხელი მოეწერა ისრაელსა და ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტას და სამშვიდობო პროცესების პირველი ფაზის ამოქმედებას. ანალიტიკოსების შეფასებით, მსგავსი ნაბიჯებით პრაბოვო საერთაშორისო სცენაზე თავის წარმოჩენას მშვიდობისმყოფელის სტატუსით ცდილობს. აღსანიშნავია, რომ ინდონეზიის პრეზიდენტი ამ მხრივ ადრე ნაკლებად იყო ცნობილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები