ინდონეზიაში, აღმოსავლეთ ჰალმაჰერას კუნძულზე მდებარე ვულკანი "იბუ" ამოიფრქვა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ინდონეზიის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ამოფრქვევის შედეგად ადგილობრივი ხელისუფლება იძულებული გახდა, 3 000-მდე მცხოვრები უსაფრთხო ადგილას გადაეყვანა.
ამოფრქვევისას ცაში 4 კილომეტრის სიმაღლეზე ფერფლის სქელი ღრუბელი აიჭრა, რამაც რეგიონში განგაშის უმაღლესი დონის გამოცხადება გამოიწვია.
კატასტროფების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა, აბდულ მუხარიმ, განაცხადა, რომ ევაკუაციის პროცესი ოთხშაბათ ღამით დაიწყო. მისი თქმით, ვულკანის მიმდებარე ტერიტორიაზე დაახლოებით 13 000 ადამიანი ცხოვრობს, თუმცა ამ ეტაპზე ევაკუაცია მხოლოდ ყველაზე მაღალი რისკის ზონებში განხორციელდა.