მას შემდეგ რაც “რუსთავის აზოტის” 100% სინგაპურში ბაზირებულმა მულტი-ნაციონალურმა Indorama Corporation-ის ქართულმა შვილობილმა კომპანიამ იყიდა, საწარმოს კეთილმოწყობასა და ინფრასტრუქტურის განვითარებაში 12-დან 17 მლნ დოლარამდე ჩაიდო. ამის შესახებ “ინდორამა კავკასუსის” აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ბურდილაძე გადაცემა #რედაქტ2-ში ისაუბრა.
მისი თქმით, აღნიშნულმა განხლებამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა სამუშაო პირობები.
„ინდორამამ“ საწარმოს კეთილმოწყობაზე არაერთი მილიონი დოლარი დახარჯა. ამაში იგულისხმება არამხოლოდ ვიზუალური მხარე, არამედ სამუშაო სივრცეების გარემონტება, საშხაპეების, გამოსაცვლელი ოთახების, რაც შრომის პირობების გაუმჯობესებასთან არის დაკავშირებული. საწარმოში ძალიან ბევრი მილგაყვანილობაა - ჰაერის, წყლის, იქიდან გამომდინარე, რომ ეს კომუნიკაციები მოძველებული იყო, ამას თან ახლდა სითბური ენერგიების დანაკარგები. "ინდორამა"-ს ინვესტიციით ამ კომუნიკაციების განახლება დაიწყო, შიდა გზების მშენებლობა და ა.შ. შედეგად კეთილმოწყობისთვის დაახლოებით 12-15 მლნ დოლარამდე დაიხარჯა”, - აღნიშნა ლევან ბურდილაძემ.
სააქციო საზოგადოება "რუსთავის აზოტი“, რომელიც კავკასიის რეგიონში მინერალური სასუქებისა და ინდუსტრიული ქიმიკატების ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ საწარმოს წარმოადგენს, 2023 წლის იანვარში გაიყიდა. მისი 100%-იანი წილის მესაკუთრე სინგაპურში ბაზირებული კორპორაცია Indorama-ს ქართული შვილობილი კომპანიაა.
„ინდორამა“ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კონგლომერატია, რომელიც აერთიანებს მინერალური სასუქების, ინდუსტრიული ქიმიკატებისა და სხვადასხვა ქიმიური პროდუქტის მწარმოებელ საწარმოებს. კორპორაცია ფლობს 160-ზე მეტ საწარმოს მსოფლიოს 38 ქვეყანაში, მათ შორის ევროპის, აზიის, აფრიკის, ჩრდილოეთ და ლათინური ამერიკის კონტინენტებზე და დასაქმებული ჰყავს 45 000 ათასზე მეტი ადამიანი.