მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინდური ავიაკომპანია IndiGo საქართველოს მიმართულებით ავიასიხშირეებს ზრდის

ფრენები

აზიის ყველაზე დიდი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია საქართველოსთან რეგულარული პირდაპირი ავიარეისების რაოდენობას ზრდის - „ინდიგო“ ნიუ დელი - თბილისი - ნიუ დელის საჰაერო ხაზზე რეისებს კვირაში სამი სიხშირის ნაცვლად შვიდჯერ შეასრულებს. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

„ბაზრების დივერსიფიკაცია ჩვენი პრიორიტეტია. ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ, რათა გვქონდეს მეტი პირდაპირი ფრენა და გაიზარდოს სიხშირეები იმისთვის, რომ ქვეყანაში მეტი ტურისტი შემოვიდეს. ინდოეთი ერთ-ერთი ახალი და გამორჩეულად საინტერესო მიმართულებაა, სადაც საქართველოს კერძო ტურისტული სექტორი აქტიურად მუშაობს. ისინი დაინტერესებული არიან, მიიღონ მეტი ტურისტი ინდოეთიდან. როგორც კერძო სექტორის აქტივობის, ასევე ინდოეთიდან ტურისტული ნაკადების ზრდის დინამიკის გათვალისწინებით, ჩვენ ვაწარმოეთ მოლაპარაკებები ინდოეთის ავიაკომპანიასთან სიხშირეების გაზრდის შესახებ. შედეგად, აქამდე არსებული სამი სიხშირის ნაცვლად რეისი ნიუ დელიდან თბილისის მიმართულებით ყოველდღიურად შესრულდება. ეს გადაწყვეტილება იმის დემონსტრირებაა, რომ საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე საქართველოსა და მისი ტურისტული შესაძლებლობების მიმართ ინტერესი მზარდია. ინდოეთიდან შემოსული ტურისტები გამოირჩევიან მაღალმსყიდველუნარიანობით, განსაკუთრებით საინტერესოა საქმიანი ტურიზმის მიმართულება“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა.

მისი თქმით, ფრენების სიხშირის გაზრდის გადაწყვეტილება დამატებითი სტიმულია მიმდინარე ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის, ამავე დროს, გაზრდილი გამტარუნარიანობა, საქართველოში ინდოეთიდან ტურისტულ ნაკადებს კიდევ უფრო მეტად გაზრდის.

უმსხვილესი ინდური ავიაკომპანია IndiGo 2023 წელს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობითა და ავიაფლოტის სიდიდით აზიაში პირველ ადგილზეა. ის ასევე არის აზიის ყველაზე მსხვილი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რომელიც 600 - ზე მეტი მიმართულებით დაფრინავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები