მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ინდური ნავთობგადამმუშავებელი ქარხნები რუსული ნავთობის იმპორტს აჩერებენ - Reuters

ნავთობი

ინდოეთში სახელმწიფო ნავთობგადამმუშავებელმა ქარხნებმა გასულ კვირებში რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერეს, რასაც წინ უსწრებდა რუსეთის მხრიდან პროდუქტზე ფასდაკლებების შემცირება, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხრიდან კი მუქარა, რომლის თანახმადაც 100%-იანი ტარიფი დაუწესდებოდა ყველა ქვეყანას, რომელიც მოსკოვისგან ნავთობს შეისყიდის. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ინდუსტრიის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ინფორმაციას, რომ სახელმწიფო კომპანიებს - Indian Oil Corp, Hindustan Petroleum Corp, Bharat Petroleum Corp და Mangalore Refinery Petrochemical - რუსული ნავთობპროდუქტები გასული ერთი კვირის ან მეტის განმავლობაში არ შეუძენიათ, მედიასთან ოთხი სხვადასხვა წყარო ადასტურებს. არც ერთი კომპანიის წარმომადგენელს და ინდოეთის ნავთობის მინისტრს Reuters-თან ფაქტი არ დაუდასტურებიათ.

ოთხივე სახელმწიფო კომპანია რუსულ ნავთობს რეგულარულად ყიდულობდა და გავრცელებული ინფორმაციით, მარაგების შესავსებად ალტერნატიულ ბაზრებს, ძირითადად შუა აღმოსავლურ ქვეყნებს მიმართეს.

აღსანიშნავია, რომ კერძო კომპანიები, Reliance Industries და Nayara Energy რუსული ნავთობის უმსხვილესი შემსყიდველები არიან, თუმცა სახელმწიფო ქარხნები ქვეყნის მარაგების 60%-ის გადამუშავებაზე არიან პასუხისმგებელი.

ცნობისთვის: 21 ივლისს სენატორმა ლინდსი გრეჰემმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი ჩინეთის, ინდოეთისა და ბრაზილიისთვის მეორადი 100%-იანი ტარიფების დაწესებას გეგმავს.

შტატების პრეზიდენტი ამ ნაბიჯს იმ შემთხვევაში გადადგამს, თუ აღნიშნული ქვეყნები რუსული ნავთობის შესყიდვას გააგრძელებენ. როგორც გრეჰემმა განაცხადა, სამივე ქვეყანამ უნდა აირჩიოს მხარე და არჩევანი შტატებსა და რუსეთს შორის გააკეთოს.

რუსული ფასდაკლებული ნავთობის 80%-ს სწორედ სენატორის მიერ დასახელებული ქვეყნები ყიდულობენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები