ინდოეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კონგლომერატი, Reliance Industries-ი მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში ხელოვნური ინტელექტის გამოთვლითი ინფრასტრუქტურის აშენებაზე $110-მილიარდის ინვესტიციას განახორციელებს.
გეგმა პირადად კომპანიის ხელმძღვანელმა, მუკეშ ამბანმა გააჟღერა. ინდოეთში გამართულ წამყვან ტექნოლოგიურ ღონისძიებაზე, AI Impact Summit-ზე გამოსვლისას მან თქვა, რომ გამოყოფილი თანხა ძირითადად მრავალგიგავატიანი სიმძლავრის მასშტაბური მონაცემთა ცენტრების აგებისთვის დაიხარჯება.
ასევე, ინვესტიცია ჩაიდება მომსახურების სფეროში AI-ს დანერგვასა და Reliance-ის კუთვნილებაში არსებული სატელეკომუნიკაციო პლატფორმა Jio-ს სისტემაში ხელოვნური ინტელექტის ჩაშენებაში.
ამ მოცემულობით, ორი უმსხვილესი ინდური კონგლომერატის, Reliance-ისა და Adani-ის მიერ AI ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ჯამურად $210 მილიარდის ინვესტიციებია დაანონსებული, რაც ქვეყანას საშუალებას მისცემს, მომდევნო წლების განმავლობაში ამ ინდუსტრიის გლობალურ ცენტრად იქცეს.
Adani-ს მსგავსად, მასშტაბური ფინანსური რესურსი მობილიზაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი Reliance Industries-ისისთვისაც ქვეყნის ტექნოლოგიური თვითკმარობის უზრუნველყოფაა, რათა ინდოეთი არ იყოს დამოკიდებული ამერიკულ თუ ჩინურ კომპანიებზე და თავად შეეძლოს როგორც ჰოსტინგის სერვისის შეთავაზება, ისე გამოთვლითი შესაძლებლობების გამოყენება ან ტექ-გიგანტებზე მიყიდვა. არსებული ინფორმაციით, Reliance-ი ინვესტიციებს არამხოლოდ მონაცემთა ცენტრებში, არამედ მათი მუშაობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან ენერგეტიკულ ობიექტებშიც ჩადებს. კერძოდ, კომპანიის მწვანე ენერგიის დეპარტამენტი უზრუნველყოფს რამდენიმე რეგიონში 10 გიგავატამდე მოცულობის მზის ელექტროსადგურების აგებას.




























