მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უოლ-სტრიტზე დაფიქსირებული ვარდნის გამო აზიური ჩიპების მწარმოებელთა აქციები მკვეთრად გაუფასურდა

ბირჟა

უოლ-სტრიტზე დაფიქსირებული მასშტაბური გაყიდვების შემდეგ, აზიის საფონდო ბირჟებზე ტექნოლოგიური სექტორის აქციები მკვეთრად გაუფასურდა.

ინვესტორთა განწყობის გაუარესება ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურაზე გაწეული ხარჯების მომგებიანობასთან დაკავშირებულმა ეჭვებმა და აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგებმა განაპირობეს. ბაზრის მონაწილეები შიშობენ, რომ არჩევნებში დემოკრატების გამარჯვება მონაცემთა ცენტრების მშენებლობაზე შეზღუდვების დაწესებას და ნახევარგამტარებზე მოთხოვნის შენელებას გამოიწვევს.

სამხრეთ კორეაში გაყიდვების ტალღა განსაკუთრებით მასშტაბური აღმოჩნდა. ქვეყნის უმსხვილესი მწარმოებლის, SK Hynix-ის აქციები 8%-ზე მეტით გაუფასურდა, ხოლო Samsung Electronics-ის საბაზრო შეფასება 7%-ით შემცირდა.

დანაკარგები დააფიქსირეს სხვა ტექნოლოგიურმა კომპანიებმაც: LG Innotek-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 10%-ით დაეცა, LG Display-ს აქციების ფასი კი 7.7%-ით შემცირდა.

მსგავსი ვითარება ჩამოყალიბდა ტაივანის ბაზარზეც, სადაც ნახევარგამტარების უმსხვილესი კონტრაქტორი მწარმოებლის, TSMC-ის აქციები 9.6%-ით გაუფასურდა. ამ ტენდენციას შეუერთდნენ Hon Hai Precision Industry და Foxconn Technology - მათგან პირველის აქციების ფასი 9.4%-ით შემცირდა, მეორის კი - 9.1%-ით.

პარალელურად, მკვეთრი ვარდნა იაპონიის ბაზარზეც დაფიქსირდა. ჩიპების ტესტირების მოწყობილობების მწარმოებელი Advantest-ის აქციები 12.2%-ით გაუფასურდა, ტექნოლოგიური გიგანტის, SoftBank Group-ის კაპიტალიზაცია კი 11.6%-ით შემცირდა.

სექტორის სხვა წარმომადგენლებიდან Kioxia Holdings-ის აქციების ფასი თითქმის 10%-ით დაეცა, Renesas Electronics-ის ღირებულება 7.5%-ით შემცირდა, ხოლო Tokyo Electron-მა 7.3%-იანი კლება დააფიქსირა. რეგიონული გაყიდვები შეეხო ჩინეთსაც, სადაც მაღალტექნოლოგიური STAR Market-ი და ChiNext Artificial Intelligence-ის ინდექსი 4%-ზე მეტით შემცირდნენ.

ცნობისთვის, აზიის ბაზრებზე დაფიქსირებულ გაყიდვებს წინ უოლ-სტრიტის მკვეთრი კლება უძღოდა. წინა სავაჭრო სესიაზე Nasdaq Composite-ის ინდექსი 5.5%-ით შემცირდა და კორექციის ზონაში გადავიდა, Philadelphia Semiconductor Index-მა კი 12.2%-იანი ვარდნა დააფიქსირა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები