საგულისხმოა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე ერთი დოლარის სანაცვლოდ 74 რუპიის შეძენა იყო შესაძლებელი, ამჟამად კი კურსი 80 რუპიას აღწევს, რაც მოკლე პერიოდში ვალუტის გაუფასურების 8%-იანი, ხოლო ისტორიულად რეკორდული მაჩვენებელია.
რუპიის გაუფასურება რამდენიმე გლობალური ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ფაქტორითაა განპირობებული, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი მსოფლიოს მასშტაბით მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაა, განსაკუთრებით ყურადსაღები კი აშშ-ის ფედერალური რეზერვის მიერ რეფინანსირების განაკვეთის ზრდაა.
როგორც წესი, მკაცრი მონეტარული პოლიტიკა ინვესტორებისა და ვალუტით მოვაჭრეთათვის მიმზიდველია, რადგან თანხის იმ ვალუტასა და ქვეყანაში განთავსება, სადაც შედარებით მაღალი საპროცენტო განაკვეთებია, გაცილებით უფრო მომგებიანია, ვიდრე იქ, სადაც განაკვეთი დაბალია, ეკონომიკური ვითარება კი არასტაბილურო.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ფაქტორია საგარეო ვაჭრობა - სავაჭრო დეფიციტის გაღრმავება ანუ იმპორტის ზრდა ექსპორტთან შედარებით, დამატებით ზრდის ზეწოლას ეროვნულ ვალუტაზე, რაც, თავის მხრივ, დოლართან მიმართებით რუპიის გაცვლით კურსზე ახდენს გავლენას.
უშუალოდ ინდოეთის ეკონომიკური ფაქტორებისა და ცენტრალური ბანკის პოლიტიკის გარდა, აუცილებლად გასათვალისწინებელია ამერიკული დოლარის, როგორც მსოფლიოს ყველაზე მყარი და უსაფრთხო სარეზერვო ვალუტის ნარატივის გაძლიერება, რასაც ხელს უწყობს ფედერალური რეზერვის აგრესიული მონეტარული პოლიტიკა. სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში FED-ის მონეტარული კომიტეტი განაკვეთს დამატებით 75 საბაზო პუნქტით გაზრდის, რაც კიდევ უფრო მეტად გაამყარებს ამერიკულ დოლარს როგორც სხვა უცხოურ ვალუტებთან, ასევე რუპიასთან მიმართებითაც.
აღსანიშნავია, რომ ამერიკული დოლარი მკვეთრად არა მარტო რუპიასთან, არამედ ევროსთან იაპონურ იენთან და სხვა საერთაშორისო ვალუტებთან მიმართებითაც მყარდება.