Expogeorgia-სა და GREDA-ს ორგანიზებით, 6-7 ნოემბერს მეორედ გაიმართება ენერგეტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი.
Georgia Energy Expo 2025-ის შესახებ ორგანიზატორებმა "ანალიტიკას" ეთერში ისაუბრეს. როგორც ExpoGeorgia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა რესან ქიქავამ განაცხადა, პროექტი გასულ წელს მიღებული დადებითი გამოხმაურებიდან გამომდინარე გაგრძელდა.
"ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა შეიქმნა ამ ინდუსტრიისთვის. იმ ეფექტიდან, უკუკავშირიდან გამომდინარე, რომელიც ამ ღონისძიებას ჰქონდა, ცალსახა იყო ჩვენთვის ეს გადაწყვეტილება, რომ წელსაც გაგვეკეთებინა, ინდუსტრიის ყველა წარმომადგენელი ისევ მოგვექცია ერთ ჭერქვეშ, გვესაუბრა ყველა თემაზე, რომელიც მნიშვნელოვანია მათთვის, ასევე ინოვაციებზე, რომლებიც არის დღეს ბაზარზე და შეგვექმნა გამაერთიანებელი სივრცე, სადაც ადამიანები შეძლებდნენ ბიზნესურთიერთობების დამყარებას, ასევე სახელმწიფო ინსტიტუტებთან კომუნიკაციას, უშუალოდ მომხმარებლებთან და ა.შ. ვეცადეთ, რაც შეიძლება დიდი სივრცე მოგვეცვა, სრულად ინდუსტრია. ვფიქრობ, პირველი წელი ეს კარგად გამოგვივიდა და დარწმუნებული ვარ, წელს უფრო დიდი ეფექტი იქნება მიღებული", - ამბობს რესან ქიქავა.




























