მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ინდუსტრიისთვის საჭირო და აუცილებელ საქმეს აკეთებთ“ - „უძრავი ქონების პროსპექტის“ ორგანიზებით ბათუმში ღონისძიება GREMO ჩატარდა

თათია & გუგა
10.03.25 20:55
322

თბილისის შემდეგ გადაცემა "უძრავი ქონების პროსპექტმა" სამშენებლო და დეველოპერული სექტორის წარმომადგენლებისთვის ღონისძიება GREMO ამჯერად ბათუმში გამართა. შეხვედრის ორგანიზატორები BMG და უძრავი ქონების გაყიდვების კომპანია "პროსპექტი", მისი გენერალური სპონსორი კი "ალიანს ჯგუფი" იყო.

ღონისძიება სასტუმრო Courtyard by Marriott-ში გაიმართა და მას აჭარის ბაზარზე წარმოდგენილი კომპანიების ამბსოლუტური უმრავლესობა ესწრებოდა.

ტურბულენტური ვითარების ფონზე შეხვედრის მიზანს რეგიონში არსებული მდგომარეობის გაანალიზება და გამოწვევებზე საქმიანი დისკუსიის გამართვა წარმოადგენდა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ღონისძიებები, მსგავს პერიოდში იმართებოდეს ბათუში. ეს მასშტაბიდან გამომდინარე ძალიან დიდ როლს ასრულებს იმ ინფრასტრუქტურის ათვისებაში, რომელსაც ჩვენ ვქმნით.

რაც შეეხება თავად ღონისძიებას, ჩვენ უკვე რამდენიმე წელია ვთანამშრომლობთ და კითხვაც კი არ ჩნდება პარტნიორობასთან მიმართებით. ჩვენ ვენდობით ამ გუნდს და ვიცით, რომ ისინი საუკეთესოდ წარადგენენ სექტორს და სწორ აქცენტებს დასვამენ მიმდინარე მოვლენებთან მიმართებით. ამიტომაც ჩვენი მხარდაჭერა BMG-ის და გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტს“ ყოველთვის ჰქონდა და ექნება მომავალშიც.

რაც შეეხება გამოწვევებს, პირველ რიგში ეს არის ის პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობა, რომელიც ამ სექტორს ყველაზე მეტად სჭირდება. ბოლო პერიოდში მეტ-ნაკლებად სტაბილურობისკენ მიდის სიტუაცია და ცოცხლდება, გაზაფხულის დადგომასთან ერთად ვხედავთ ძვრებს, ინტერესის ზრდას, რაც პერსპექტიულად იყურება. გვაქვს მოლოდინი, რომ რამდენიმე მიმართულება, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპის მიმართულება გაააქტიურებს ბაზარს, მათთვის საქართველო ხდება პრიორიტეტული და ასევე დასავლეთ ევროპაც. ვიმედოვნებთ, რომ უძრავი ქონების სექტორი წარმატებულად იქნება წარმოდგენილი 2025 წლის განმავლობაში,“ - განაცხადა „ალიანს ჯგუფის“ კომერციულმა დირექტორმა თემო ბიწაძემ.

2024 წელი შეაჯამა და 2025 წლის მოლოდინებზე წარადგინა კვლევის შედეგები ღონისძიების მთავარმა მხარდამჭერმა „თიბისი კაპიტალმა.“ მათი ანალიტიკის მიხედვით 2024 წლის ბოლოს უძრავი ქონების სექტორმა ქვეყანაში 4,3 მლრდ დოლარს მიაღწია, საიდანაც 72% -ს თბილისი, 20%-ს კი ბათუმი წარმოადგენს. აჭარაში გასული წლის ბოლოს ბაზრის ზომა 900მლნ დოლარი იყო, რაც 2023 წლის იდენტური მაჩვენებელია.

სექტორის უფროსი მკვლევრის თქმით, კლებაა წლის პირველ თვეში, თუმცა ამ ეტაპზე ბაზარზე მნიშვნელოვანი რისკები არ იკვეთება.

„ბაზრის შენელების ტენდენციებზე შეიძლება ითქვას, რომ უძრავი ქონება, ისევე როგორც ყველა სხვა სექტორი მგრძნობიარეა როგორც შიდა, ისე გარე სენტიმენტების მხრიდან. ამ პროცესებს ცხადია გავლენა აქვს სექტორზე და ამიტომ მნიშვნელოვანი იქნება ყოველთვიურად დავაკვირდეთ ბაზარს იქნება ეს გაყიდვები, ფასი თუ სხვა მნიშვნელოვანი ინდიკატორები. ჯერ ძალიან რთულია ფასზე რაიმე მოლოდინის ქონა, ფასის რეაქცია დამოკიდებული იქნება ამ შენელების მასშტაბებზე.“ - განაცხადა თიბისი კაპიტალის სექტორის უფროსმა მკვლევარმა რეზი მაისურაძემ.

სამშენებლო და დეველოპერული სექტორის შესახებ პრეზენტაცია გამართა "ალიანს ჯგუფმა." კომპანიის კომერციულმა დირექტორმა თემო ბიწაძემ ქვეყნის ეკონომიკაში დარგის კონტრიბუციაზე და ბაზრის სწორი გზით განვითარებაზე ისაუბრა.

უძრავი ქონების ლიზინგის მხრივ არსებული მდგომარეობა შეაჯამა თიბისი ლიზინგმაც.

2,5 სთ ნახევრიან ღონისძიების ფარგლებში რეგიონის წამყვანი მოთამაშეების მონაწილეობით პანელური დისკუსიაც გაიმართა, სადაც ერთი მხრივ მომავლის ტენდენციებზე, რეგიონის ათვისებაზე და სამიზნე ბაზრებზე, მეორე მხრივ კი იმ გამოწვევებზე ისაუბრეს, რაც ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით აჭარას გააჩნია. ბიზნესი ფიქრობს, რომ გამოწვევაა როგორც აეროპორტი, ისე შიდა საქალაქთაშორისო გადაადგილება და საპარკინგე სივრცეების სიმცირე, რაც ქალაქში სეზონზე საგზაო კოლაფსს ქმნის.

„გაიმართა ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი ღონისძიება, სადაც უძრავი ქონების ლიდერ დეველოპერებს შესაძლებლობა გვქონდა გვესაუბრა გლობალური გამოწვევების ფონზე რა გამოწვევების წინაშე დგას სექტორი საქართველოში. ასევე კონკურენციის მიღმა რა კოლაბორაციული ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რათა საქართველოში აიწიოს სერვისების მიწოდების დონე. მ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო „უძრავი ქონების პროსპექტს“ და ყველა მონაწილე პირს, რომელმაც მნიშვნელოვანი პოზიციები დააფიქსირეს.“ - განაცხადა „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ დირექტორმა გოჩა კამკიამ.

„პირველ რიგში უდიდესი მადლობა უნდა გადავუხადო ორგანიზატორებს იმისთვის რასაც აკეთებენ, გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტს“ უდიდესი წვლილი შეაქვს ქართული დეველოპერული სექტორის და მომიჯნავე სექტორების განვითარებაში. ეს პირველი ღონისძიებაა ბათუმში და დარწმუნებული ვარ ძალიან წარმატებით გაგრძელდება აღნიშნული შეხვედრები. შევაჯამეთ 2024 და 2025-ის პერსპექტივები, ვიმსჯელეთ ინოვაციურ მიმართულებებზე რაც კვეთაშია სამშენებლო და დეველოპერულ სექტორებზე. ვისაუბრეთ ჭკვიან სახლებზე და ჭკვიან ქალაქებზე, მაკრო გადაწყვეტილებებზე, რომელიც კონკრეტულ პერიოდში აუცილებლად დაინერგება საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. წამყვან დეველოპერულ სექტორთან კოლაბორაციით დარწმუნებული ვარ მივაღწევთ უფრო ჭკვიან, ენერგოეფექტურ, კომფორტულ შენობებს ჩვენს ქალაქებში.“ - განაცხადა „სმარტერის“ მმართველმა პარტნიორმა დიტო აბულაძემ.

დასკვნით ნაწილში "უძრავი ქონების პროსპექტმა“ რეგიონში მომუშავე კომპანიები განსაკუთრებული პროექტების შექმნისთვის სიმბოლური პრიზით, აგურით დააჯილდოვა. ინოვაციური პროექტისთვის ჯილდო ბათუმის კუნძულს, გამორჩეული არქიტექტურული პროექტისთვის კომპანია „მეტროპოლის,“ საუკეთესო სერვისის და მომსახურებისთვის კი სასტუმრო „Courtyard by Marriott batumi“-ის მმართველ კომპანია McInerney Hospitality International-ს გადაეცა.

ქვეყნის მშენებლობაში დადებული აგურისთვის ასევე დაჯიდოვდნენ „იელთი ჯგუფი,“ სასტუმრო „ჯორჯია პალასი“, „დრიმლენდ ოაზის ჩაქვი,“ „თიბისი კაპიტალი,“ „ტექნოჯიმი“, „ნოვა“ და ბათუმის სავაჭრო ცენტრი „გრანდ მოლი.“

„ვთვლი, რომ BMG და „პროსპექტი“ გადაცემის და ღონისძიების ფარგლებში ძალიან კარგ საქმეს აკეთებენ, საჭიროს და აუცილებელს. აქ ხდება სექტორული აზრის კონსოლიდაცია, ამიტომაც ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში მხარს ვუჭერთ ამ ტიპის ღონისძიებებს და ასევე გავაგრძელებთ.

რაც შეეხება ბაზარს, გამოწვევები უკავშირდება დივერსიფიკაციას. გვჭირდება ახალი ტურისტების, ახალი ბაზრების მოზიდვა. მე ვთვლი, რომ ცნობადობის გაზრდა ჩვენი ქალაქისთვის შესაძლებელია კონსოლიდირებული მარკეტინგული აქტივობებით. რთულია, თუმცა ამაზე ვმუშაობთ.“ - უთხრა bmg-ის „იელთი ჯგუფის“ კომერციულმა დირექტორმა ვალერი გურგენიძემ.

„მადლობა ორგანიზატორებს დღევანდელი ძალიან საინტერესო შეხვედრისთვის, სადაც წარმოდგენილები იყვნენ სხვადასხვა დეველოპერები, გვქონდა დისკუსია სადაც გავცვალეთ აზრები, როგორია მოთხოვნა, მიწოდება, მოლოდინები, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო . ჩვენ ბათუში წარმოდგენილები ვართ სამი პროექტით, სამომავლოდაც განვიხილავთ ბათუში ახალი პროექტების წარდგენას, ასევე წარმოდგენილები ვართ თბილისში ექვსი პროექტით. უახლოეს მომავალში თბილისის შემოგარენში ვაპირებთ გავაშენოთ სააგარაკე სივრცე, ხოლო უფრო გრძელ ვადაში არ გამოვრიცხავ რომ ახააი რეგიონებიც ავითვისოთ.“ - განაცხადა „მეტროპოლი“ გენერალური დირექტორის მოადგილემ მამუკა იმედაშვილმა.

დარგის წარმომადგენლებთან შეხვედრა „იელთი ჯგუფის,“ „აპარტ ჯგუფის,“ „მეტროპოლის,“ კომპანია „სმარტერის,“ „ტექნოჯიმისა“ და „თიბისი ლიზინგის“ მხარდაჭერით შედგა.

ღონისძიება GREMO გადაცემა "უძრავი ქონების პროსპექტის" ფარგლებში ყოველწლიურად თბილისსა და ბათუმში გაიმართება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები