მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფექციონისტის რჩევები ზაფხულის კურორტზე უსაფრთხოდ დასვენებისთვის

ზღვის კურორტი

ზაფხულში, განსაკუთრებით, ზღვის კურორტებზე დასვენების შემთხვევაში, ნაწლავური ინფექციების რისკი იზრდება. ამ საკითხზე მედიაცენტრ „მთავარში“ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი საუბრობს და კურორტებზე დამსვენებლებისთვის რეკომენდაციებს გასცემს.

„აშკარაა, რომ გარშემო ძალიან გავრცელებულია ნაწლავური ინფექციები. ძირითადი სიმპტომებია ფაღარათი, გულისრევა, ზოგს ტემპერატურა - ეს ჩვეულებრივი ამბავია ზაფხულის სეზონზე და ამის გამომწვევი რამდენიმე მიზეზი არსებობს.

პირველ რიგში, ბევრი ადამიანი იყრის ერთად თავს და, ამ შემთხვევაში, ნაწლავური ინფექციები ადვილად ვრცელდება. მეორე მიზეზი ისაა, რომ გადატვირთული საკვები ობიექტები, სავარაუდოდ, კარგად ვერ იცავენ სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს. ასევე, სიცხეში მიკროორგანიზმები საკვებში ადვილად მრავლდებიან“, - აღნიშნავს მაია ბუწაშვილი.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, თუ როგორ ავირიდოთ თავიდან მოწამვლის შემთხვევები, ინფექციონისტი პრევენციის ზომებზეც საუბრობს.

„როდესაც იმყოფებით კურორტებზე, მიიღეთ ბოთლის წყალი, ან დარწმუნდით წყლის სისუფთავეში. მოერიდეთ საკვებ პროდუქტებს, რომლის სისუფთავეშიც არ ხართ დარწმუნებული, მაგალითად, სალათები. როდესაც საკვები ობიექტები ძალიან გადატვირთულია, რეცხვა ბოლომდე კარგად არ ხდება. ამ დროს ახალმომზადებული საკვები, რომელიც თერმულად არის დამუშავებული, უფრო უსაფრთხოა.

თუ უკვე გაქვთ მოწამვლის სიმპტომები, ამ დროს უნდა მოერიდოთ უმ ხილსა და ბოსტნეულს და მიიღოთ მხოლოდ მოხარშული საკვები. ასევე, უნდა მიიღოთ დიდი რაოდენობით სითხე, თუმცა მოერიდეთ ხილის წვენებს. ძალიან ბევრი ადამიანი იწყებს თვითნებურად ანტიბიოტიკების ჯგუფის მედიკამენტების მიღებას, ეს აბსოლუტურად არასწორია და პირიქით, ხშირად ანტიბიოტიკები სიტუაციას ართულებს“, - ამბობს ინფექციონისტი.

მაია ბუწაშვილის რჩევით, იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი ან ხანდაზმული ადამიანი მოწამვლის შემთხვევაში ძნელად კონტაქტური ხდება და აქვს მომატებული ძილიანობა, მას აუცილებლად სჭირდება ექიმი და ჰოსპიტალიზება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები