საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში იფნლაციის დონე სამიზნე 3%-იან მაჩვენებელს 2023 წლის მეორე კვარტალში დაუახლოვდება. ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებსი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ამასთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იმაზე საუბრობს, რომ თავად სებ-ის მონეტარულ პოლიტიკას, მათ შორის რეფინანსირების განაკვეთის ცვლილებას, ეკონომიკაში მოთხოვნის ცვლილებაზე გავლენის მოხდენა შეუძლია, ხოლო ამჟამად არსებული ინფლაცია მიწოდების ფაქტორებით არის განპირობებული, რომელზეც ეროვნულ ბანკს გავლენის მოხდენა არ შეუძლია.
“ბევრი ფაქტორი მოქმედებს ინფლაციასთან დაკავშირებით და ეს გლობალური გამოწვევაა. აქაც გაურკვევლობის ხარისხი ძალიან მაღალია. არ დაგვავიწყდეს, რომ უმრავლეს შემთხვევაში წელს ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით მიწოდების ფაქტორები მოქმედებს, ხოლო მონეტარული პოლიტიკა ეს არის პოლიტიკა, რომელიც მოთხოვნის ფაქტორებზე მოქმედებს.
მაშინ, როდესაც ფასები ისეთ პროდუქტებზე იზრდება, როგორიცაა ხორბალი, ზეთი და ნავთობი არ არსებობს მექანიზმი, რომელიც ფასების ზრდას ხელს შეუშლის. იქიდან გამომდინარე, რომ მიზნობრივზე მაღალი ინფლაცია ხანგრძლივი დროის განმავლობაში შენარჩუნდა, ჩვენ მონეტარული პოლიტიკა გავამკაცრეთ, რათა ის მოლოდინებში არ გადაიზარდოს. აქედან გამომდინარე დღევანდელი პროგნოზით, ვფიქრობთ, ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს შემდეგი წლის მეორე კვარტალში დაუახლოვდება. მანამდე შემცირების ის ტრაექტორია, რომელიც ჩვენ ომამდე გვქონდა და რომლის მიხედვით დღეს უკვე ერთნიშნიან ინფლაციამდე უნდა ყოფილიყო, სამწუხაროდ იმ მოვლენების გამო არ განხორციელდა, რაც უკრაინაში შეჭრას მოჰყვა”, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის მაისში საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელმა 13.3%-ს მიაღწია.
ეროვნული ბანკის პროგნოზით, მეორე კვარტალში საშუალო ინფლაცია 10.5% უნდა იყოს, რაც მესამე კვარტალში 8.85%-მდე, მეოთხე კვარტალში კი 7%-მდე უნდა შემცირდეს. ამავე პროგნოზით, 2023 წლის პირველ კვარტალში ინფლაცია 5.3%, მეორე კვრატლაში კი 3.4% იქნება.




























