მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკაში - 2-8 დეკემბერი

რუსთაველი საპროტესტო აქცია

გთავაზობთ 2-8 დეკემბრის მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკაში.

სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგის მოლოდინი "ნეგატიურამდე" შეამცირა

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა 2024 წელს უკვე მეორედ შეამცირა საქართველოს სუვერენული რეიტინგის მოლოდინი. პარასკევს გამოქვეყნებულ მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ ქვეყანას უნარჩუნდება "BB" დონის საკრედიტო რეიტინგი, თუმცა ამ რეიტინგის სამომავლო მოლოდინი "სტაბილურიდან" "ნეგატიურამდე" შემცირდა, რაც მიმდინარე წელს უკვე მეორედ მოხდა, რადგანაც მიმდინარე წლის ივნისში რეიტინგის პერსპექტივა "პოზიტიურიდან" "სტაბილურამდე" შემცირდა.

პერსპექტივის გადახედვის ძირითად ფაქტორებს შორის დასახელებულია მკვეთრად გაზრდილი პოლიტიკური რისკი. Fitch-ი ჩამოთვლის იმ ეკონომიკურ განზომილებებს, რომლებზეც პოლიტიკური რისკები ახდენენ გავლენას, მათ შორისაა FDI-ის შემომავალი ნაკადები, შეჩერებული ეკონომიკური რეფორმები, როგორიცაა სახელმწიფო საწარმოების რეფორმა, ასევე სებ-ის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. კიდევ ერთი ფაქტორი, რასაც Fitch-ი უსვამს ხაზს არის საქართველოს სავალუტო რეზერვების დაბალი დონე.

საქართველომ ENKA-სთან ნამახვანჰესზე $383-მილიონიანი საარბიტრაჟო დავა წააგო

ორშაბათს თურქულმა კომპანია ENKA-მ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც კომპანიამ საქართველოს მთავრობასთან ნამახვანჰესთან დაკავშირებით 2021 წელს შეტანილ საარბიტრაჟო დავაში გაიმარჯვა და სახელმწიფოს მის სასარგებლოდ 383.2 მილიონი დოლარის (1.1 მილიარდი ლარის) კომპენსაციის გადახდა დაეკისრა. თავის მხრივ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქმეზე დავა არ დასრულებულა და შესაძლოა კომპენსაციის მოცულობა შეიცვალოს.

დავა სახელმწიფოს მიერ კონტრაქტის პირობების დარღვევასა და ფორსმაჟორის შექმნას უკავშირდებოდა, რის გამოც ინვესტორმა ვერ შეძლო ნამახვანჰესის 433-მეგავატიანი ჰესის აშენება, რაზეც ENKA $800 მილიონი დოლარის დახარჯვას გეგმავდა. აღნიშნულ პროცესში საქართველოს მთავრობის პოზიციას წარმოადგენდა საერთაშორისო იურიდიული ფირმა White & Case-ი, რომლისთვისაც გადახდილმა ჰონორარმა ამ დრომდე 25 მილიონი ლარი შეადგინა.

ნოემბერში სავალუტო რეზერვები $39 მილიონით გაიზარდა, თუმცა ერთწლიან ჭრილში მისი მოცულობა $999 მილიონით არის შემცირებული

ნოემბერში საქართველოს ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების მოცულობა 39 მილიონი დოლარით, 4,123,893,700 დოლარამდე გაიზარდა. ერთთვიან ჭრილში რეზერვების ზრდის მიუხედავად, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოს საერთაშორისო რეზერვები 999 მილიონი დოლარით შემცირდა. გასულ თვეში რეზერვების ზრდის ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორი ეროვნული ბანკის მიერ Bmatch პლატფორმით 124.5 მილიონი დოლარის შესყიდვა გახდა, რის შესახებაც განცხადება ნათია თურნავამ გააკეთა.

ოქტომბერში ეროვნულმა ბანკმა რეკორდული მასშტაბის 591 მილიონი დოლარის მოცულობის სავალუტო რეზერვები გაყიდა, რამაც საერთაშორისო რეზერვების 4.08 მილიარდ დოლარამდე შემცირება განაპირობა. ამ კლების ფონზე, განსაკუთრებით აქტუალური გახდა სავალუტო რეზერვების შევსება, რის შესახებაც BMG-ის ეთერში განცხადება გააკეთა IMF-ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ჯიჰად აზურმა.

ლარის გაცვლითი კურსის მერყეობა

ლარის გაუფასურების მიზეზი 28 ნოემბერს, ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტის დამტკიცებული პრემიერ-მინისტრის მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხის 4 წლით შეჩერება გახდა. მას შემდეგ დოლარის კურსი 2.74 ლარიდან ჯერ 2.78 ლარამდე, შემდეგ 2.85 ლარამდე, 3 დეკემბერს კი 2.87 ლარამდე გაუფასურდა. 4 დეკემბრისთვის კურსმა 2.85 ლარი შეადგინა, 5-ში ის 2.83-მდე შემცირდა, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად კი ის 2.77-მდე ჩამოვიდა.

ბიუჯეტის საბოლოო პროექტით, 2025 წელს ქართული ოცნების მთავრობა 27.9 მილიარდი ლარის დახარჯვას გეგმავს

ფინანსთა სამინისტრომ პარლამენტს 2025 წლის ბიუჯეტის საბოლოო პროექტი წარუდგინა. დოკუმენტის თანახმად, მთავრობის ასიგნებების მოცულობა 895 მილიონი ლარით, 27.9 მილიარდ ლარამდე იზრდება, რაც რიგ სამინისტროებში დაფინანსების ზრდით არის განპირობებული. ბიუჯეტიდან ყველაზე დიდი თანხა - 8.8 მილიარდი ლარი მომდევნო წელსაც ჯანდაცვის სამინისტროზე მიიმართება, ეს თანხა წინა წარდგენის ბიუჯეტთან შედარებით 120 მილიონი ლარით გაიზრდება. ასევე 200 მილიონი ლარით გაიზრდება განათლების სამინისტროს დაფინანსება, რაც 3.08 მილიარდ ლარს მიაღწევს, ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი კი მომდევნო წელს 75 მილიონი ლარით, 3.1 მილიარდამდე მცირდება. თავდაცვის სამინისტროს ხარჯების ზრდა წინა წარდგენის ბიუჯეტთან მიმართებით 130 მილიონი ლარით მოიმატებს. ამასთან, თუკი წინა წარდგენის ბიუჯეტით კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსება 515 მილიონ ლარზე იყო განსაზღვრული, განცალკევებული სამინისტროების დაფინანსება 298 და 297 მილიონი ლარით განისაზღვრება, რაც ჯამურად 86 მილიონი ლარით არის გაზრდილი.

2025 წლის ბიუჯეტის საბოლოო პროექტში შეცვლილია მშპ-ის ზრდის პარამეტრი, წინა პროექტით მომდევნო წელს 5.5%-ის ნაცვლად 6%-ის ეკონომიკური ზრდა არის მოსალოდნელი, რისი გათვალისწინებითაც მთავრობა საგადასახადო გეგმას 700 მილიონი ლარით, 21.9 მილიონ ლარამდე ზრდის.

2025 წელს ბიუჯეტი 91 მილიონი ლარით ნაკლებ საერთაშორისო გრანტებს მიიღებს

ბიუჯეტის მესამე პროექტის მიხედვით, 2024 წელთან შედარებით, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, უცხოეთის მთავრობებიდან და უცხოური ორგანიზაციებიდან მისაღები გრანტების მთლიანი მოცულობა 91 მილიონი ლარით მცირდება და 59.9 მილიონი ლარით განისაზღვრება. ამასთან, ბიუჯეტის გრანტების გეგმა შემცირებულია ბიუჯეტის მეორე წარდგენის პროექტთან შედარებითაც და ამ მხრივ კლება 366 ათასი ლარია.

ყველაზე მეტად მათ შორის ევროკავშირიდან მისაღები გრანტების მოცულობა შემცირდება, რაც დაკავშირებულია თავად EU-ს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან საქართველოსთვის განსაზღვრული 121 მილიონი ევროს სამწლიანი დაფინანსება შეაჩეროს, რაც მთავრობის მიერ დემოკრატიის უკუსვლას უკავშირდება.

ნოემბერში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 1.3% შეადგინა

საქსტატმა ნოემბრის ინფლაციის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც გასულ თვეში ფასები წლიურად 1.3%-ით გაიზარდა. საქსტატის თანახმად, ყველაზე მსხვილ სამომხმარებლო ჯგუფის - სურსათის ფასები წლიურად 3.1%-ით გაიზარდა.

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.1%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.0 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (15.5%), ყავა, ჩაი და კაკაო (7.8%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (7.0%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (6.1%), ზეთი და ცხიმი (5.0%), ხილი და ყურძენი (3.6%), თევზეული (1.3%), პური და პურპროდუქტები (0.9%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (0.5%). ამასთან, ფასები შემცირდა რძის, ყველისა და კვერცხის ქვეჯგუფზე (-1.5%).

19 დეკემბრიდან ბანკებს უცხოურ ვალუტაში მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები 5%-ით გაეზრდებათ

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა ბრძანება კომერციული ბანკებისთვის უცხოურ ვალუტაში მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაზრდასთან დაკავშირებით. ბრძანების თანახმად, ის ძალაში 19 დეკემბრიდან შევა. სებ-ის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა სავალუტო დეპოზიტებზე სარეზერვო მოთხოვნების 5%-ით ზრდის გადაწყვეტილება 27 ნოემბერს მიიღო. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, მიღებული გადაწყვეტილება მიმართულია იმისკენ, რომ ბანკებში არსებული სავალუტო ლიკვიდობა გაზრდილ სავალუტო დაკრედიტებაში არ გადაიქცეს.

ბანკებისთვის სარეზერვო მოთხოვნა განისაზღვრება მათი სადეპოზიტო პორტფელების დოლარიზაციის შესაბამისად. აქამდე დარეზერვების ზედა ზღვარი იყო 20%, თუმცა 19 დეკემბრიდან ის 25%-ით განისაზღვრება.

სებ-მა მიკრობანკის პირველი ლიცენზია MBC-ზე გასცა

2024 წლის 5 დეკემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიკრობანკების ლიცენზირების წესის გათვალისწინებით, სს "მიკრო ბიზნეს კაპიტალზე" (MBC) მიკრობანკის საქმიანობის პირველი ლიცენზია გასცა.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC-იმ საქართველოს ეროვნულ ბანკში მიკრობანკის ლიცენზიის მისაღებად განაცხადი 2023 წლის ნოემბერში შეიტანა. კიდევ ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რომელსაც მიკრობანკის სტატუსზე აქვს განაცხადი შეტანილი „კრისტალია“. როგორც მისო-ების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე ნინო დევდარიანმა BM.GE-სთან აღნიშნა, „კრისტალის“ განაცხადი განხილვის პროცესშია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები