ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვების ივლისის თვის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, 31 ივლისის მდგომარეობით, საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობა 5.43 მილიარდი დოლარი იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.27 მილიარდი დოლარით მეტია, ხოლო წლის დასაწყისიდან რეზერვები 537 მილიონი დოლარით არის გაზრდილი.
რეზერვების მატება სებ-ის პოლიტიკას უკავშირდება. სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის 6 თვეში ეროვნულმა ბანკმა 1.06 მილიარდი დოლარის რეზერვები შეისყიდა. მათ შორის ივნისში შესყიდვების მოცულობა 138 მილიონი დოლარი იყო. ყველაზე დიდი - $322 მილიონიანი ინტერვენცია აპრილში განხორციელდა, ხოლო მაისში გაცვლითმა კურსმა გაუფასურება დაიწყო, რის გამოც სებ-ს საპირისპირო მიმართულებით მოუწია თანხების გაყიდვა და 2 ივნისს გამართულ სავალუტო აუქციონზე 17 მილიონი დოლარი გაყიდა. შესაბამისად, წმინდა შესყიდვებმა ამ წლის პირველ ნახევარში 1.06 მილიარდი დოლარი შეადგინა.
ეროვნული ბანკი დოლარს სავალუტო რეზერვების შევსების პოლიტიკის ფარგლებში ყიდულობს. სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას განცხადებით, დოლარის შესყიდვებს ეროვნული ბანკი ახორციელებს მაშინ, როდესაც სავალუტო ბაზარზე პოზიტიური ვითარება აღინიშნება.
“ვაკვირდებით ბაზარს და როცა კი შესაძლებლობა გვეძლევა და პოზიტიური ვითარებაა ყოველთვის ვცდილობთ ჩვენი სავალუტო რეზერვები შევავსოთ. სავალუტო რეზერვები არის ჩვენი ქვეყნის უნარი გაუმკლავდეს სამომავლო შოკებს. ზოგადად, რაც უფრო მაღალია რეზერვების მაჩვენებელი უფრო კარგად ფასდება და უფრო დაბალია ქვეყნის საფინანსო სექტორის რისკიანობა. ამიტომ, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიები რეზერვების დონეს დიდი ყურადღებით აკვირდებიან და ითვალისწინებენ. არსებული ვითარება გვაძლევს საშუალებას ძალიან ფრთხილად და მცირე მოცულობით შევავსოთ ჩვენი რეზერვები ისე რომ სავალუტო ბაზარზე ზეწოლა არ მოხდეს. დღეს ვართ რეზერვების ადეკვატურობის ზონაში, მაგრამ შესაძლებლობა გვაქვს შევავსოთ რეზერვები რომ ამას გავაკეთებ მხოლოდ ხელსაყრელი პირობების შემთხვევაში. ისე რომ ამან ბაზარზე დამატებითი ზეწოლა არ მოახდინოს",- ამბობს თურნავა.
ეროვნულმა ბანკმა Bmatch პლატფორმით სავალუტო შესყიდვები 2022 წლის მეორე ნახევარში გაზარდა, რაც ქვეყანაში გაზრდილ ფულად შემოდინებებს უკავშირდებოდა. საუბარია გაზრდილ შემოსავალზე ტურიზმიდან, ფულადი გზავნილებიდან, ექსპორტიდან და სხვა წყაროებიდან.
bmatch
Infogram