ბანკ Paysera-ს გენერალური დირექტორი დიმიტრი ქუმსიშვილი გადაცემა "ანალიტიკას" ეთერში აღნიშნავს, რომ დოლართან მიმართებით ლარის გაცვლითი კურსის გამყარების პარალელურად ეროვნული ბანკი უცხოურ ვალუტას აქტიურად ყიდულობს. ქუმსიშვილის თქმით, ისინი როგორც ბაზრის ერთ-ერთი მონაწილე ხედავენ, რომ სებ-ი სავალუტო ოპერაციებს ახორციელებს და დოლარს ყიდულობს.
"ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე ეროვნული ბანკი ძალიან აქტიურად ყიდულობს უცხოურ ვალუტას. ჩვენ ხომ ვხედავთ და ვაკვირდებით ვინ ყიდის და ვინ ყიდულობს და სებ-ი ძალიან ინტენსიურად ყიდულობს.
მარტის ამ პერიოდში, ბოლო რამდენიმე კვირაში ჩანს რომ იყიდეს საკმაოდ ბევრი,"- აღნიშნავს დიმიტრი ქუმსიშვილი.
ჯერჯერობით Bmatch პლატფორმით სებ-ის მიერ განხორციელებული ოპერაციების მოცულობის სტატისტიკური ინფორმაცია საჯარო არაა, მარტის შესყიდვების ამსახველი სტატისტიკა მიმდინარე თვის 25 რიცხვში გახდება ცნობილი. რაც შეეხება იანვარსა და თებერვალს, ამ პერიოდში სებ-ს დოლარის არც შესყიდვის და არც გაყიდვის ოპერაციები არ განუხორციელებია.
ის რომ სებ-ი ვალუტის შესყიდვის დაწყებას გეგმავდა 10 მარტს თავად ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ დაანონსა.
რაც შეეხება რეზერვებს, 2025 წლის თებერვალში საქართველოს საერთაშორისო სარეზერვო აქტივები 202 მილიონი დოლარით შემცირდა და 4.23 მილიარდი დოლარი შეადგინა. წლიურ ჭრილში რეზერვები 512 მილიონი დოლარით, ანუ 11%-ით არის შემცირებული.




























