მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები - 3-9 მარტი

სუპერმარკეტი ინფლაცია მაღაზია

გთავაზობთ გასული კვირის - 3-9 მარტის მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკაში.

თებერვალში ინფლაცია 2.4% იყო - 2023 წლის შემდეგ ინფლაცია მაქსიმალურ ნიშნულზეა

2025 წლის თებერვალში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 2.4% შეადგინა - საქსტატის ანგარიშის თანახმად, ფასების ზრდაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა სურსათის ჯგუფში ფასების 3.7%-იანმა ზრდამ. ასევე გაზრდილია ჯანდაცვის სექტორის ფასები და ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფი.

2023 წლის გაზაფხულის შემდეგ საქართველოში ასეთი მაღალი ინფლაცია არ ყოფილა.

სებ-მა ბანკების დაჯარიმების მაქსიმალური ზღვარი ათჯერ გაზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკმა "კომერციული ბანკებისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესში" ცვლილებები შეიტანა და დარღვევებისთვის გათვალისწინებული ჯარიმების ზედა ზღვარი გაზარდა - ამას ითვალისწინებს სებ-ის პრეზიდენტის ნათია თურნავას ბრძანება, რომელიც საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა.

შედეგად სებ-ს ბანკების დაჯარიმება შეეძლება მათი საზედამხედველო კაპიტალის 1%-ის ოდენობის თანხითაც, რასაც აქამდე კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა და მისი ზედა ზღვარი 0.1%-ით იყო განსაზღვრული.

თებერვალში საქართველოს სავალუტო რეზერვები 202 მილიონი დოლარით შემცირდა

2025 წლის თებერვალში საქართველოს ოფიციალური საერთაშორისო სარეზერვო აქტივები 202 მილიონი დოლარით შემცირდა და 4.23 მილიარდი დოლარი შეადგინა - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. წლიურ ჭრილში კი საქართველოს საერთაშორისო სარეზერვო აქტივები 512 მილიონი დოლარით, ანუ 11%-ით არის შემცირებული.

ჯერჯერობით უცნობია რამ განაპირობა რეზერვების შემცირება. რამდენადაც ცნობილია სებ-ს თებერვალში სავალუტო აუქციონზე თანხა არ გაუყიდია, თუმცა უცნობია მოახდინა თუ არა სებ-მა ვალუტის რეალიზაცია Bmatch პლატფორმის მეშვეობით. აღნიშნულის შესახებ სტატისტიკა 25 მარტს გახდება ცნობილი.

Galt & Taggart-ი 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაზრდას განიხილავს

Galt & Taggart-მა მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შესაძლოა გაზარდოს.

საინვესტიციო ბანკის თვის მიმოხილვის მიხედვით, იანვრის ძლიერი ზრდის გათვალისწინებით, Galt & Taggart-ი განიხილავს 2025 წლის საბაზო ზრდის 5%-იანი პროგნოზის ზრდის მიმართულებით გადახედვას მას შემდეგ, რაც თებერვლის წინასწარი მონაცემები გახდება ხელმისაწვდომი.

"საქართველოს ეკონომიკური ზრდა დაჩქარდა, 2025 წლის იანვარში წლიურად 11.1%-ით გაიზარდა, წინა თვეში 6.7%-იანი წლიური ზრდის შემდეგ",- აღნიშნულია მიმოხილვაში. 2025 წლის იანვარში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 11.1% შეადგინა.

გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო დატოვა

2 მარტს გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო დატოვა. ბიზნესმენმა საქართველო სომხეთის სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა, რასთან დაკავშირებითაც 6 მარტს პროკურატურამ ერთ პირს, რომელიც ბაჩიაშვილს საზღვრის კვეთაში ეხმარებოდა ბრალი წარუდგინა. ამასთან, სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ გამოყოენებული გირაო პატიმრობით შეცვალა, ხოლო პროკურატურა გეგმავს გირაოში ჩადებული დაყადაღებული აქტივები აღსრულების მიზნით აღსრულების ბიუროს გადასცეს.

ამასთან, პროკურატურის განცხადებით, მათ გიორგი ბაჩიაშვილზე წითელი ცირკულარით ძებნის გამოცხადებისთვის ინტერპოლს მიმართეს.

ბორჯომში $60-მილიონიანი ინვესტიციით ბალნეოლოგიური კომპლექსი აშენდება

ბორჯომში 60 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციით Wyndham Grand-ის 5-ვარსკვლავიანი მულტიფუნქციური ბალნეოლოგიური კომპლექსი შენდება.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ დღეს პროექტის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო.

მათივე ინფორმაციით, Wyndham Grand Borjom-ის პროექტი ხორციელდება დეველოპერული კომპანიების - „ნიუ სითი დეველოპმენტის“ და „აპკოს“ მიერ Wyndham Hotels & Resorts-თან და სასტუმრო მენეჯმენტის გლობალურ ლიდერ კომპანია Aimbridge Hospitality-თან თანამშრომლობით.

იანვარ-თებერვალში ბიუჯეტმა 3.9 მილიარდის გადასახადები აკრიფა - წლიური ზრდა 9.5%-ია

ფინანსთა სამინისტროს ხაზინამ 2025 წლის იანვარ-თებერვლის საგადასახადო შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ ბიუჯეტში მობილიზებული თანხა 3.9 მილიარდ დოლარს შეადგენდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9.5%-ით, ანუ 337 მილიონი ლარით მეტია. ბიუჯეტის ანგარიშის თანახმად, ამ 3.9 მილიარდი ლარიდან 3.46 მილიარდი ლარი შევიდა ცენტრალურ ბიუჯეტში, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტებში მობილიზებული თანხა 437 მილიონი ლარი იყო.

ამასთან, შეიცვალა დინამიკა. თუკი იანვარში დღგ-ს შემოსავალი 0.8%-ით იყო შემცირებული და 806 მილიონ ლარს შეადგენდა, იანვარ-თებერვლის ჯამური მაჩვენებელი უკვე გაზრდილია. ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების სტატისტიკა ასე ნაწილდება:

  • დღგ - 1.58 მილიარდი ლარი, წლიური ზრდა 5.4%;
  • საშემოსავლო გადასახადი - 1.37 მილიარდი ლარი, წლიური ზრდა 15%;
  • მოგების გადასახადი - 397 მილიონი ლარი, წლიური ზრდა 12.2%;
  • აქციზის გადასახადი - 258 მილიონი ლარი, წლიური კლება 22.5%.

რეგიონებს სხავადსხვა სტიქიის სალიკვიდაციოდ 58 მილიონი ლარი გამოეყოთ

"ოცნების" მთავრობამ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებისთვის გამოყოფილი თანხა 9-ჯერ გაზარდა და მუნიციპალიტეტების ჩამონათვალი გააფართოვა.

მთავრობის 2025 წლის 28 თებერვლის 383-ე განკარგულებით ფინანსთა სამინისტრო, 37 მუნიციპალიტეტს, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი ფონდიდან 58 517 000 ლარს გამოუყოფს. ამასთან, ის თანხა რაც მუნიციპალიტეტებს სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებიდან მორჩებათ, სხვა სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის უნდა მიმართონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები