გთავაზობთ გასული კვირის - 28 აპრილის - 4 მაისის მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკაში.
აპრილში ინფლაციამ 3.4% შეადგინა
საქსტატმა 2025 წლის აპრილის ინფლაციის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასული თვის განმავლობაში ქვეყანაში ფასები წლიურად 3.4%-ით არის გაზრდილი. ეს მარტში არსებულ 3.5%-იან ინფლაციასთან შედარებით 0.1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. საქსტატის თანახმად, ფასების ზრდაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათის ჯგუფში ფასების 7%-იანმა მატებამ მოახდინა გავლენა.
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 7%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.43 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (18.2%), ბოსტნეული და ბაღჩეული (16.5%), ყავა, ჩაი და კაკაო (15.7%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (11%), პური და პურპროდუქტები (8.3%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (8%), თევზეული (6.1%), რძე, ყველი და კვერცხი (5.5%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (0.7%). ამასთან, ფასები შემცირებულია ხილსა და ყურძენზე (-8.3%);
მარტში საქართველოს 9%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა
საქსტატმა 2025 წლის მარტის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასულ თვეში საქართველოს ეკონომიკა 9%-ით გაიზარდა, 2025 წლის პირველ სამ თვეში კი ზრდამ 9.3% შეადგინა. საქსტატის თანახმად, საქართველოს კერძო სექტორის, ანუ დღგ-ის გადამხდელი კომპანიების ბრუნვამ 2025 წლის მარტში 14 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 10.8%-ით არის გაზრდილი.
"2025 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია, პროფესიული სამეცნიერო და ტექნიკურ საქმიანობები, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა. კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში,"- ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.
2025 წლის პირველ კვარტალში ბანკებმა 748 მილიონი ლარის მოგება მიიღეს
საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა სებ-ს 2025 წლის პირველი სამი თვის ფინანსური შედეგები უკვე წარუდგინეს. ფინანსური მაჩვენებლების თანახმად, 19 კომერციული ბანკის ჯამური მოგება 748 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 37 მილიონი ლარით, ანუ 5.2%-ით მეტია. 19 ბანკიდან იანვარ-მარტში 13 მოგებაზე იყო, 6-მა კი პერიოდი ზარალით დაასრულა.
სტატისტიკის თანახმად, მოგების მიხედვით პირველ ადგილს კვლავ "საქართველოს ბანკი" იკავებს, რომელმაც 2025 წლის იანვარ-მარტში 388 მილიონი ლარის მოგება მიიღო. ეს თანხა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 32.7 მილიონით, ანუ 9%-ით არის გაზრდილი. მოგებით მეორე ადგილზეა "თიბისი ბანკი" 294 მილიონი ლარით, რაც წლიურად 28.3 მილიონით, ანუ 11%-ით არის გაზრდილი. მესამე პოზიციას კი "ლიბერთი ბანკი" იკავებს 30 მილიონიანი მოგებით, რაც წლიურად 20%-ით არის გაზრდილი.
თბილისში ბორჯომის ვაგზალის ბაზრობა დაიწვა
ე.წ. ბორჯომის ბაზრის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 15 ათასამდე კვადრატული მეტრია დამწვარი - ამის შესახებ მედიას სახანძრო-სამაშველო მთავარი სამმართველოს უფროსმა, ლევან მუსელიანმა მედიასთან განაცხადა. ხანძრის გამო, ტერიტორიის მიმდებარე კლინიკების ნაწილიდან პაციენტების ევაკუაცია გახდა საჭირო.
საკადასტრო ამონაწერის თანახმად, ვაგზლის ინფრასტრუქტურა 8,200 კვადრატული მეტრის ფართობით წარმოადგენს საქართველოს რკინიგზის საკუთრებას. აღნიშნული უძრავი ქონება გრძელვადიანი იჯარით იყო გაცემული კომპანია "თბილისი ცენტრალზე", რომელსაც ის თავის მხრივ კომპანია "ბაქანზე" ჰქონდა იჯარით გაცემული.
სესხის ერთი ბანკიდან მეორეში გადატანის წინმსწრებად დაფარვის საკომისიო შემცირდა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს ეროვნული ბანკი საკომისიოებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებით მომხმარებლებისთვის უფრო ხელმისაწვდომი არჩევანის შეთავაზებას, ბაზარზე კონკურენციის ზრდას და ამ გზით საბანკო სექტორში არსებული მაღალი კონცენტრაციის შემცირებას ისახავს მიზნად. ნათია თურნავას განცხადებით, სწორედ ამ მიზანს ემსახურება 2 მილიონ ლარამდე კრედიტების ერთი ბანკიდან მეორეში გადატანის მაქსიმალური საკომისიოს 0.5%-მდე შემცირება.
თბილისში ყოფილი ვაგონშემკეთებელი ქარხანა გაიყიდა, ადგილზე $250-მილიონიანი პროექტი აშენდება
კომპანია “დადიანი ინვესტმა”, რომელიც “არქი ჯგუფის” დამფუძნებელ ილია წულაიას ეკუთვნის, თბილისში 217,288 კვადრატული მეტრის უძრავი ქონება შეიძინა. აქტივი ცოტნე დადიანის გამზირის მიმდებარედ ყოფილი ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიას მოიცავს. ნასყიდობის ხე-ლშეკრულება 2025 წლის 16 აპრილს გაფორმდა.
ტერიტორია დეპუტატ ნინო წილოსანის ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებულ კომპანიებს - „ვილსონ გარდენს“, შპს „იუ ეს თრეიდინგ კომპანის“ და სს „ფროფგრუპს” ეკუთვნოდა; ადგილზე $250-მილიონიანი საინვესტიციო პროექტის განხორციელებას სწორედ “ვილსონ გარდენი” გეგმავდა, რომლის სამეთვალყურეო საბჭოშიც ადგილს “ლიბერთი ბანკის” აქციონერი ირაკლი რუხაძეც იკავებდა; თუმცა როგორც ირკვევა, ილია წულაიას "დადიანი ინვესტმა" ქონება "საქართველოს ბანკისგან" გამოისყიდა. აღსანიშნავია, რომ იმ პერიოდშიც, როცა ტერიტორია წილოსანების ოჯახის კომპანიებს ეკუთვნოდა, აქტივები “საქართველოს ბანკის” იპოთეკით იყო დატვირთული, შემდეგ კი ბანკის მოთხოვნით მას ყადაღაც ედო; რის შემდეგაც, ის ბანკის საკუთრებაში გადავიდა, რომლისგანაც ის ილია წულაიას “დადიანი ინვესტმა” შეიძინა.
სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს ბიძინა ივანიშვილისთვის 9000 ბიტკოინის გადახდა დააკისრა
თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს მიღებული განაჩენით გიორგი ბაჩიაშვილს ბიძინა ივანიშვილისთვის 9000 ბიტკოინის გადახდა დააკისრა - ამ ბიტკოინების საერთო ფასი ამჟამად 861 მილიონ დოლარს შეადგენს. როგორც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა თეიმურაზ წიქვაძემ განაცხადა, სასამართლომ მათი მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა. მისი თქმით, თუ გიორგი ბაჩიაშვილს აღნიშნული ბიტკოინები არ აღმოაჩნდება, მაშინ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ბიტკოინის ფასიდან გამომდინარე, ბაჩიაშვილის პირადი ქონების რეალიზაცია მოხდება.
10 მარტს ამავე საქმეზე საქალაქო სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთაც მიუსაჯა. ბაჩიაშვილმა საქართველო 2 მარტს დატოვა. საგამოძიებო უწყების განცხადების მიხედვით, უკვე მიმართეს საერთაშორისო ცირკულარს რომ მასზე ძებნა გამოცხადდეს.




























