გთავაზობთ გასული კვირის - 30 ივნისი - 6 ივლისის მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკაში:
საქართველოში ინფლაცია 4%-მდე დაჩქარდა
ივნისში საქართველოში წლიური ინფლაცია 4%-მდე გაიზარდა - ამის შესახებ საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. ინფლაციის ასეთი მატება, პირველ რიგში, სურსათის ფასების მკვეთრმა ზრდამ განაპირობა, რაც წლიურად 10%-ით არის გაზრდილი. ქვეყანაში ასეთი მაღალი ინფლაცია 2023 წლის მარტის შემდგომ არ ყოფილა. კონკრეტული ჯგუფების მიხედვით ინფლაცია ასე ნაწილდება:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 10.1 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.34 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (26.3 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (20.6 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (15.4 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (10.3 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (9.6 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (8.7 პროცენტი), თევზეული (7.9 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (7.1 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (3.6 პროცენტი), ხილი და ყურძენი (2.7 პროცენტი).
მაისში საქართველოს ეკონომიკური ზრდა 7.5% იყო
საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 7.5% შეადგინა, ხოლო 2025 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო მაჩვენებელი 8.8%-ით განისაზღვრა.
საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ ეკონომიკური ზრდის მიზეზების შესახებ პრესკონფერენცია გამართა. მისი განცხადებით, მაისში საქართველოს კერძო სექტორის, ანუ დღგ-ის გადამხდელი კომპანიების ბრუნვამ 14.7 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 13%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
კონკრეტული სექტორების მიხედვით, ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა კვლავ IT სექტორის ბრუნვის მნიშვნელოვანმა მატებამ იქონია, ხოლო შემცირების მხრივ კი კლების ტენდენცია დაფიქსირდა ენერგეტიკისა და საფინანსო სექტორებში.
ბიუჯეტში მოგების გადასახადის გეგმის შესრულების მიმართულებით 100-მილიონიანი ჩამორჩენაა
ფინანსთა სამინისტროს ხაზინის ოპერატიული მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 10.6 მილიარდი ლარის გადასახადები შევიდა. ეს გეგმით განსაზღვრულ 10.5 მილიარდ ლართან შედარებით 1%-ით მეტია. ანგარიშის თანახმად, გაზრდილია ყველა გადასახადის მობილიზება გარდა მოგების გადასახადისა, რომლის სახითაც მიმდინარე წლის 6 თვეში მხოლოდ 1.45 მილიარდი ლარის აკრეფა მოხდა, ნაცვლად 1.55 მილიარდი ლარისა, რაც გეგმასთან 100 მილიონი ლარის, ანუ 9%-ის ჩამორჩენას ნიშნავს. კონკრეტული გადასახადების მიხედვით შესრულება და 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მისი ცვლილება ასე ნაწილდება:
- დამატებული ღირებულების გადასახადი - 3.8 მილიარდი ლარი, ზრდა წინა წელთან 7%;
- საშემოსავლო გადასახადი - 3.7 მილიარდი ლარი, ზრდა წინა წელთან 13%;
- მოგების გადასახადი - 1.45 მილიარდი ლარი, კლება წინა წელთან 16%;
- აქციზი - 1.18 მილიარდი ლარი, უცვლელია
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მოგების გადასახადში გეგმასთან ჩამორჩენა უკავშირდება საბანკო სექტორის მოგების უფრო ნაკლებ ზრდას ვიდრე ეს ბიუჯეტში საშემოსავლო ნაწილის დაგეგმვისას იყო გათვალისწინებული. 2025 წლის განმავლობაში, საქართველოს მთავრობა საერთო ჯამში 21.9 მილიარდი ლარის გადასახადების მობილიზებას გეგმავს. ეს წინა წელთან შედარებით 1.7 მილიარდი ლარით, ანუ 8.3%-ით მეტია.
IT სექტორის შემოსავალი 70%-ით გაიზარდა
2025 წლის პირველი კვარტალის განმავლობაში საქართველოს IT სექტორის შემოსავალი გაიზარდა - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ირკვევა. დოკუმენტის თანახმად IT სექტორის საგარეო შემოსავალმა 266 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 70%-ით, ანუ 110 მილიონი დოლარით მეტია.
2024 წლის განმავლობაში საქართველოს IT სექტორის საგარეო შემოსავალმა 688 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2023 წელს არსებულ რეკორდთან 784 მილიონ დოლართან შედარებით ნაკლები იყო, თუმცა როგორც 2025 წლის პირველი კვარტალის მაჩვენებლები მიანიშნებენ 2025 წელს ამ სექტორის მაჩვენებლები კვლავ მზარდია. აღნიშნულზე მიუთითებს საქსტატიც, რომლის თანახმადაც 2025 წელს ეკონომიკურ ზრდაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წვლილი სწორედ ამ სექტორზე მოდის.
ENKA-სთვის გადასახდელი კომპენსაცია უკვე 450 მილიონ დოლარს აღემატება და მას საურავიც ერიცხება
საქართველომ 2024 წლის დეკემბერში ENKA-სთან საერთაშორისო საარბიტრაჟო დავა წააგო. მაშინ, კომპენსაციის მოცულობის შესახებ ცნობილი გახდა თავად ENKA-ს მიერ გამოქვეყნებული განცხადებიდან, რომლის თანახმადაც კომპენსაცია 383.2 მილიონ დოლარს შეადგენდა. მთავრობამ კი განაცხადა, რომ ამ განაჩენს გაასაჩივრებდნენ. თუმცა, როგორც ირკვევა, განაჩენი მზარდია და მისი აღსრულებისთვის ENKA-მ აშშ-ის კოლუმბიის ოლქის სასამართლოს მიმართა, აღნიშნულ სასამართლოში დარეგისტრირებული მიმართვის თანახმად კომპენსაციის მოცულობა უკვე გაზრდილია და ის უკვე 450 მილიონ დოლარს აღემატება. ამასთან, აღნიშნულ თანხას საურავიც ერიცხება, რაც FED-ის განაკვეთს პლიუს 4%-ს შეადგენს, ეს კი ამჟამად 8.5%-ია.
4 ივლისს ირაკლი კობახიძე და მარიამ ქვრივიშვილი ბიზნესს შეხვდნენ
ირაკლი კობახიძესთან ბიზნესმენების შეხვედრას ეკონომიკის ახალი მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილიც ესწრებოდა. როგორც მან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ბიზნესთან სამუშაო პროცესებზე.
მარიამ ქვრივიშვილის თქმით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ დადებით ტენდენციებსა და მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპზე, აგრეთვე ქვეყანაში სიღარიბის შემცირებისა და დასაქმების ზრდის კუთხით არსებულ პოზიტიურ მაჩვენებლებზე. ასევე აქცენტი გაკეთდა ფისკალური კუთხით არსებულ დადებით მაჩვენებლებზე, დაბალ ინფლაციასა და ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილურობაზე. ხაზი გაესვა იმ აქტივობებს, რომლებსაც მთავრობა ეკონომიკური ზრდის კიდევ უფრო მეტად დასაჩქარებლად ახორციელებს.
2025 წელს გაცემული ახალი იპოთეკური სესხების რაოდენობა 15%-ით შემცირდა
ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის იანვარ-მაისში ქართულმა ბანკებმა 19,313 იპოთეკური სესხი გასცეს, რომელთა მთლიანი ღირებულებაც 1.65 მილიარდ ლარს შეადგენდა.
ახალი იპოთეკური სესხების რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15%-ით შემცირდა, ხოლო გაცემული სესხების ჯამური ღირებულება კი უცვლელია და წინა წლის მსგავსად 1.65 მილიარდ ლარს შეადგენს.
შესაბამისად, 2025 წლის 5 თვეში გაცემული ერთი იპოთეკური სესხის საშუალო მოცულობა 86 ათას ლარს შეადგენდა, მაშინ როდესაც გასულ წელს ის 72 ათასი ლარი იყო.
I კვარტალში საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ის 8.5%-მდე გაიზარდა
2025 წლის პირველ კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 660.1 მლნ აშშ დოლარი (1.9 მლრდ ლარი) შეადგინა - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი აქვეყნებს. ანგარიშის დეფიციტს ეს მოცულობა მშპ-ის 8.5%-ს შეადგენდა. შედარებისთვის, 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი უფრო მცირე იყო და 351 მილიონ დოლარს შეადგენდა, რაც ამ პერიოდის მშპ-ის 5% იყო.
მიმდინარე ანგარიშის სტატისტიკა ქვეყანაში შემოსული და ქვეყნიდან გასული უცხოური ვალუტის ნაკადების მოცულობებს ასახავს. კერძოდ, დადებით როლს თამაშობს ექსპორტი, ტურიზმი და FDI, ხოლო უცხოური ვალუტის გადინების მთავარი წყარო არის იმპორტი და ვალის მომსახურება. 2025 წლის მიმდინარე ანგარიშის ყველაზე დიდი კომპონენტი, კვლავ საქონლით ვაჭრობა იყო, რომლის უარყოფითი სალდო წლიურად 15.1%-ით გაიზარდა და 1.7 მლრდ აშშ დოლარი (4.9 მლრდ ლარი) შეადგინა. ამავდროულად, საქონლის ექსპორტი წლიურად 5.5%-ით, ხოლო იმპორტი 10%-ით გაიზარდა. 2025 წლის პირველ კვარტალში, მიმდინარე ანგარიშის უარყოფითმა სალდომ მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 8.5% შეადგინა.
დანიური კომპანია გორში 80-მეგავატიანი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს
კომპანია "Danish Renewables"-ის ქართული შვილობილი გორის მუნიციპალიტეტში 80-მეგავატიანი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს. კომპანია "ჯიდიეი დანრემ" გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს ქარის ელექტროსადგურის გზშ ანგარიში უკვე წარედგინა და მისი განხორციელებისთვის შესაბამისი ნებართვის მოპოვება ესაჭიროება.
კომპანია შპს ჯიდიეი დანრე 2022 წელს დაფუძნდა, მასში 50%-იანი წილი ეკუთვნის კომპანია "Danish Renewables-ს, ხოლო 50%-იანი წილი კი კომპანია "ჯიდიეი გრინ ენერჯის", რომლის პარტნიორებიც არიან გიორგი შაგიძე; დიმიტრი ბოჭორიძე; დიმიტრი ბროდსკი და ოკსანა ბროდსკაია. კომპანია "ჯიდიეი დანრე" საქართველოში ქარის ელექტროსადგურის პროექტის განვითარებაზე რამდენიმე წელია მუშაობს, 2024 წლის თებერვალში კი კომპანიამ ეკონომიკის სამინისტროსთან გორში ქარის ელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით მემორანდუმიც გააფორმა. "საპროექტო ელექტროსადგური ითვალისწინებს 80.0 მგვტ დადგმულ სიმძლავრეს, 324 მილიონი კილოვატ საათის წლიური გამომუშავებით. 20 ერთეული ტურბინის შეძენას და მონტაჟს, თითოეული 4.2 მგვტ. დადგმული სიმძლავრით.
საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი $25.5 მლრდ-მდე გაიზარდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მთლიანი საგარეო ვალის ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომელიც როგორც სახელმწიფო ასევე კერძო სექტორის ვალის შესახებ მოიცავს ინფორმაციას. ანგარიშის თანახმად, მთლიანი ვალი 25.5 მილიარდი დოლარია, რაც წინა წელთან შედარებით 1 მილიარდი დოლარით გაზრდილი მაჩვენებელია. ვალის მატების მთავარი ფაქტორი კერძო სექტორის ვალის ზრდა იყო, ხოლო მთავრობის საგარეო ვალის მოცულობა კი კვლავ 11 მილიარდ დოლარზე შენარჩუნდა.
სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 11 მლრდ აშშ დოლარი (30.4 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 32%-ია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 8.5 მლრდ აშშ დოლარი (23.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 24.7%), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 822.8 მლნ აშშ დოლარი (2.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 2.4%), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 449 მლნ აშშ დოლარი (1.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 1.3%) და 1.2 მლრდ აშშ დოლარი (3.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 3.6%).
დიდ დიღომში ახალი სავაჭრო ცენტრი აშენდება
თბილისში, დიდ დიღომში "გუდვილის" ჰიპერმარკეტის 43,100 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე ახალი მულტიფუნქციური მოლი აშენდება. პროექტს კომპანია "ავტოგრაფ მოლი" ახორციელებს, რომლის საკუთრებაშიც ჰიპერმარკეტის უძრავი ქონება უკვე რეგისტრირებულია.
ახალი სავაჭრო ცენტრის ფართობი დაახლოებით 60,000 კვადრატული მეტრი იქნება. ბიზნეს რეესტრის თანახმად, "ავტოგრაფ მოლი" 2023 წლის თებერვალში დაფუძნებული კომპანიაა, ამ კომპანიას თავის მხრივ ფლობს სამი კომპანიისგან შემდგარი კონსორციუმი.